საკონსტიტუციო სასამართლო

ადვოკატი: განხილვის გადადების მცდელობა მოსამართლეებზე ზეწოლას ადასტურებს

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

გიგი უგულავას ადვოკატის ოთარ კახიძის თქმით, მოსამართლეების მიერ დღეს დაყენებული შუამდგომლობა, გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმის გადადების შესახებ, მიანიშნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს. მისივე მოსაზრებით, ხელისუფლების მთავარი მიზანი გიგი უგულავასა და რუსთავი 2-ის საქმეების გაჭიანურებაა.

"ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი მიზანია გახმაურებული საქმეების, კერძოდ, გიგი უგულავასა და რუსთავი 2-ის საქმეების გაჭიანურება. ხელისუფლების ამ მიზანს უშუალოდ დაემთხვა დღეს ოთხი მოსამართლის შუამდგომლობა, რომ, პრაქტიკულად, საქართველოს პროკურატურას გადაეცეს უფლება, გადაწყვიტოს, როდის გაიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომები. ეს არის, ჩემი აზრით, კიდევ ერთი მინიშნება და დადასტურება იმ ეჭვის, რომ სასამართლოს შემადგენლობაზე და მის წევრ მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან", - თქვა ოთარ კახიძემ.

ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატი ლევან სამუშია კი ამბობს, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილება საქართველოში საკონსტიტუციო სამართალწარმოების შეჩერებას ნიშნავს.

"გაკვირვებას იწვევს ის შუამდგომლობაც კი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა დღეს დააყენეს სასამართლოს პროცესზე. ეს ნიშნავს, რომ თუ გადაწყვეტილება იქნა დაკმაყოფილებული, საქართველოში საკონსტიტუციო სამართალწარმოება უნდა შეჩერდეს. ამის დაჯერებაც ძნელია. ნათელია უკვე ზეწოლის ნიშნები, როდესაც მსგავსი შუამდგომლობა დგება. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები მსგავს შუამდგომლობას აყენებენ, ნიშნავს იმას, რომ როგორც კაბელების საქმის, ასევე რუსთავი 2-ის საქმის განხილვაც შეჩერდება და დაველოდებით პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომელსაც ვადა არ გააჩნია და შეიძლება, თვეები და წლები გაგრძელდეს", - თქვა ლევან სამუშიამ.

უკვე მეხუთე საათია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები მსჯელობენ, გადადონ თუ არა გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების გაერთიანებული საქმის განხილვა, რომელზეც გუშინ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი საუბრობდა. მოსამართლეთა ნაწილი თვლის, რომ ამ საქმის განხილვა მანამ უნდა შეწყდეს, სანამ შესაძლო ზეწოლაზე პროკურატურის დასკვნა არ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, "მუდმივად იქნება ეჭვები არაობიექტურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით".

გადადების შუამდგომლობა მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა დააყენა, რასაც ოთარ სიჭინავა, ზაზა თავაძე და მერაბ ტურავა დაეთანხმნენ.

ჯერჯერობით უცნობია, შეჩერება შეეხება თუ არა რუსთავი 2-ის საქმის განხილვასაც.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის თქმით, საკონსტიტუციოს მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს. "მოსამართლეებს აშანტაჟებენ, რომ მათი ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების კომერციულ საქმიანობას შეავიწროებენ, რომ მათ ახლო ნათესავებს დააკავებენ სხვადასხვა საბაბით. ასევე, ემუქრებიან პირადი ხასიათის, ძირითადად ფალსიფიცირებული ინფორმაციის გასაჯაროებით. ყველა ეს ფაქტი უკავშირდება მაღალი საზოგადო ინტერესის მქონე საქმეებს, რომლებიც განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოში და მიმართულია იმისკენ, რომ მოსამართლეებმა გადაწყვეტილება მიიღონ ან ხელისუფლების სასარგებლოდ, ან გააჭიანურონ გადაწყვეტილების მიღების პროცესი", - ამბობს პაპუაშვილი.

კომენტარები