ამბასადორიალი 2016

პრეზიდენტი: უნდა გაღრმავდეს იმის განცდა, რომ რუსეთის პოლიტიკა მიუღებელია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო ელის თავისუფალი უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას ევროკავშირთან, რაც ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ სივრცეში კიდევ უფრო გააღრმავებს. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა ამბასადორიალი 2016-ზე გააკეთა.

"ჩვენ ვართ ამავე დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა. ეს ლიდერობა უკვე ასახულია იმ შეთანხმებებში, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან. ამ თვალსაზრისით, ჩვენ გვაქვს უკვე თავისუფალი ვაჭრობის, ასოცირების შეთანხმება და ბუნებრივად ამ შეთანხმებების გაგრძელებად, ჩვენ ველით თავისუფალი უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას, რაც ვიცით, რომ გააღრმავებს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ სივრცეში", - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტისვე განცხადებით, უნდა გაღრმავდეს იმის განცდა, რომ რუსეთის პოლიტიკა არასდროს იქნება მიღებული საქართველოსა და საერთაშორისო ურთიერთობებში. მისივე თქმით, დიპლომატიური შეთანხმებები, რომლებსაც რუსეთი აფორმებს ე.წ. აფხაზეთისა და ოსეთის სახელმწიფოებთან, არის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის დაცინვა.

"უნდა გაღრმავდეს ის განცდაც და ის შეხედულებაც, რომ რუსეთის პოლიტიკა არასდროს არ იქნება მიღებული არც საქართველოში, არც საერთაშორისო თანამეგობრობაში და ის იმიტაცია საერთაშორისო ურთიერთობებისა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ე.წ. აფხაზეთისა და ე.წ. ოსეთის სახელმწიფოებთან, რაღაცა ტიპის დიპლომატიური შეთანხმების გაფორმებით არის მხოლოდ დაცინვა რეალურად საერთაშორისო ურთიერთობებზე და საერთაშორისო სამართალზე", - განაცხადა პრეზიდენტმა.

თბილისში დღეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა - ამბასადორიალი გაიხსნა.

კომენტარები