NDI-ის კვლევა

NDI: EU-სა და NATO-ში საქართველოს გაწევრიანების მსურველთა რიცხვი შემცირდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. კითხვას - მისაღებია თუ არა, საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 72% დადებითად პასუხობს. ეს მაჩვენებელი, 2016 წლის მარტის კვლევასთან შედარებით, 5 პუნქტითაა შემცირებული.

16%-ისთვის მიუღებელია ევროკავშირის წევრობა, წინა კვლევაში მათი რიცხვი 14% იყო.

ამასთან, დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ახალგაზრდები მეტად უჭერენ მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას. 

ასევე, 2016 წლის მარტის კვლევასთან შედარებით, 8 პუნქტითაა შემცირებული და 64%-ს შეადგენს მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ "ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს თქვენნაირ ხალხს". ევროგაერთიანებისგან სარგებელს უფრო მეტად ახალგაზრდები ელიან.

გარდა ამისა, წინა კვლევასთან შედარებით, 4 ერთეულითაა შემცირებული მათი რიცხვიც(64%), ვისაც NATO-ს წევრობა სურს და გაზრდილია მათი რიცხვი, ვისთვისაც მიუღებელია ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. ამასთან, უმცირესობათა დასახლებებში ნაკლებია NATO-ს მხარდაჭერა, რადგან უმეტესობა "არ ვიცის" პასუხობს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები