ჰილარი კლინტონის მიმოწერები

ტრამპი: რუსეთო, იმედი მაქვს, იპოვით კლინტონის დაკარგულ 30 000 წერილს

Businessinsider

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა რუსეთს მოუწოდა, დაეხმაროს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის ჰილარი კლინტონის 33 000 ელექტრონული წერილის მოპოვებაში, რომელიც დაკარგულად ითვლება.

"თუ ეს ელექტრონული წერილები მათ მოიპარეს, მაშინ მათ კლინტონის 33 000 ელექტრონულ წერილზე მიუწვდებათ ხელი. იმედი მაქვს, ეს ასეც არის", - თქვა ტრამპმა პრესკონფერენციაზე.

დონალდ ტრამპი ამ სიტყვებით კლინტონის ელექტრონული წერილების საკითხზე არსებულ ეჭვს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც აშშ-ის დემოკრატიული პარტიის დაკარგული ელექტრონული წერილების უკან რუსი ჰაკერები დგანან. პარტიის ეროვნული კომიტეტის წერილების დიდი ნაწილმა უკვე გაჟონა ინტერნეტში.

ტრამპის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ჰაკერებს ჰილარი კლინტონის პირადი ელექტრონული წერილებიც აქვთ.

"რუსეთო, თუ გესმით, იმედი მაქვს, რომ თქვენ იპოვით დაკარგულ 30 000 წერილს", - განაცხადა ტრამპმა.

პრესკონფერენციის შემდეგ ტრამპმა საკუთარ Twitter-ის გვერდზე დაწერა, რომ თუ რუსეთს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას ხელი მიუწვდება ჰილარი კლინტონის უკანონოდ წაშლილ პირად მიმოწერებზე, მათ ისინი FBI-ს უნდა მიაწოდონ.

კლინტონის ელექტრონულ წერილებთან დაკავშირებული სკანდალი 2015 წლის მარტში დაიწყო. კლინტონი სახელმწიფო მდივნობისას ოფიციალური მიმოწერისთვის პირად ელექტრონულ ფოსტას იყენებდა.

კომენტარები