არჩევნები 2016

საია: ივანიშვილს კანონი არ დაურღვევია, საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნა

0 კომენტარი
საია ფოტო: gyla.ge

2012 წლის არჩევნების შემდეგ საარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობის საკითხი კიდევ ერთხელ დადგა ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში.

ამჯერად საქმე მიხეილ სააკაშვილს ეხება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მტკიცებით, სააკაშვილმა დაარღვია საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს უკრძალავს წინასაარჩევნო აგიტაციას. ორგანიზაციამ მისი დაჯარიმება მოითხოვა.

საია-ს მტკიცებით სააკაშვილის შემთხვევაში: "მიმართვა შეიცავდა აგიტაციის ელემენტებს, ვინაიდან იყო მოწოდება და მხარდაჭერისკენ გაჟღერებული თხოვნა. გარდა ამისა, ამ ტიპის მოწოდება თავისი ფორმით არღვევდა აგიტაციის წესს, რომელიც დადგენილია საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლით, სადაც განმარტებულია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციაში არის აკრძალული. ეს არის იმპერატიული მოთხოვნა. არ ითვალისწინებს არავითარ გამონაკლისს და აგიტაციაში მონაწილეობის ფორმას უკვე მნიშვნელობა აღარ ენიჭება".

საქართველოში, პოლიტიკური საქმიანობა უცხო ქვეყნის მოაქალაქეს ეზღუდება არა მხოლოდ უშუალოდ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, არამედ ზოგადად.

საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ამომწურავად ამბობს, რომ პარტიის დაფუძნება, ან მის საქმიანობაში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს (მუხლი 8). ხოლო საქართველოს კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ (მუხლი 35), უცხო ქვეყნის მოქალაქეს უკრძალავს პოლიტიკური გაერთიანების დაფუძნებას, ან მის საქმიანობაში მონაწილეობას.

იმის დასაზუსტებლად, თუ რამდენად თანმიმდევრულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მსგავს დარღვევებზე რეაგირებისას, ტაბულამ საიას სთხოვა მიეწოდებინა ის განცხადებები, რომლებიც დამკვირვებელმა ორგანიზაციამ მაშინ გააკეთა, როდესაც ივანიშვილი მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესებში საქართველოს მოქალაქეობის გარეშე.

პირველი კომუნიკაციისას წერილობით გვიპასუხეს, რომ საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლი ივანიშვილს არ დაურღვევია, რადგან ეს მუხლი წინასარჩევნო კამპანიის პერიოდს ეხება, კამპანიის დაწყებისას კი, ივანიშვილი კანონიერად მონაწილეობდა მასში, რადგან ევროკავშირის მოქალაქეებზე გამონაკლისი დაიშვა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შედეგად.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობას საქართველოს პოლიტიკაში მხოლოდ საარჩევნო კოდექსი არ არეგულირებს. უცხოელის პოლიტიკაში მონაწილეობას კრძალავს ორგანული კანონი პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ და კანონი უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.

შესაბამისად, შემდეგი კომუნიკაციისას საიას ამ კანონების დარღვევაზე რეაგირების შემთხვევების შეხსენება მოვთხოვეთ, რაზეც პასუხად მივიღეთ, რომ "საია ვერ გააკეთებდა განცხადებას, ვინაიდან ივანიშვილს კანონი არ დაურღვევია".

საიას განმარტებით, ივანიშვილს დაფუძნებული ჰქონდა არა პოლიტიკური, არამედ საზოგადოებრივი მოძრაობა - "ივანიშვილმა 2011 წლის ოქტომბერში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა. შესაბამისად, უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის თანახმად, მას არ ჰქონდა უფლება გამხდარიყო პოლიტიკური გაერთიანების წევრი, მონაწილეობა მიეღო მის საქმიანობაში, ანდა დაეფუძნებინა პარტია. თუმცა, აღნიშნული კანონი მას აძლევდა საზოგადოებრივი გაერთიანების შექნის უფლებას, რა უფლებითაც კანონიერად ისარგებლა კიდეც ივანიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჯერ დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა 2011 წლის დეკემბერში, ხოლო პარტია 2012 წლის 7 მაისს დაფუძნდა".

საერთაშორისი გამჭვირვალობა - საქართველოს იურისტის, გიგი ჩიხლაძის განმარტებით, კანონმდებლობა არ ეხება მხოლოდ პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას, არამედ პოლიტიკურ აქტივობას, აგიტაციას უკრძალავს უცხოელს. "აგიტაციის განმარტება კოდექსით საკმაოდ ფართოა და თითქმის ყველა ქმედებას მოიცავს რაც ხელს უწყობს ან ხელს უშლის რომელიმე პარტიის არჩევას", - ამბობს ჩიხლაძე ტაბულასთან საუბარში.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დავით აქუბარდია

კომენტარები