"ვაშაძე-ჯაფარიძე - ახალი არჩევანი" პაატა ბურჭულაძეს გაერთიანებას სთავაზობს. "გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული ქვეყანა", - აღნიშნა რამდენიმე წუთის წინ გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე.
"ქვეყანას სჭირდება მაღალი რეპუტაციის, მაღალი კომპეტენციის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, იტვირთონ პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვის სადავეებთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ პაატა ბურჭულაძისადმი მაღალ ნდობას საზოგადოებაში, მის რეპუტაციას ქვეყნის შიგნით და საქართველოს ფარგლებს გარეთ, მისი საქმიანობის დადებით შედეგებს მთლიანად საქართველოში. მიგვაჩნია, რომ მას აქვს ყველა რესურსი, გააერთიანოს მის გარშემო პროდასავლური პოლიტიკური ძალები და მართლაც ერთიანი, მძლავრი პროდასავლური ცენტრი ჩამოყალიბდეს, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს იმ ღრმა კრიზისიდან, რაშიც დღეს იმყოფება. ამიტომ, ჩვენ მივმართავთ პაატა ბურჭულაძეს და გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას, ის გამოცდილება და ენერგია, რომელიც ჩვენს ბლოკში შემავალ პარტიებს აქვთ, გავაერთიანოთ მის ირგვლივ, მის თანაგუნდელებთან ერთად", - თქვა ვაშაძემ.
ბრიფინგზე კომენტარი გააკეთა ბლოკ "ვაშაძე-ჯაფარიძე - ახალი არჩევანი" შემავალი პარტიის "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა მამუკა კაციტაძემაც.
"თავიდანვე ახალმა მემარჯვენეებმა განვაცხადეთ, რომ ახლა გათითოკაცების დრო არ არის და საჭიროა მაქსიმალური კონსოლიდაცია პოლიტიკურ ძალებს შორის, ვისაც აქვს საერთო ღირებულებები და ფასეულობები", - თქვა კაციტაძემ.
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი გიორგი ვაშაძე("ახალი საქართველო") ამავე პარტიიდან წასული წევრების მიერ შექმნილ პარტია "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩს" შეუერთდა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება.





