ბანკები

აზერბაიჯანული ბანკი CBD გაკოტრდა, სებ-მა მის ფილიალში დროებითი მმართველობა დანიშნა

ბაქო, აზერბაიჯანი
Getty

აზერბაიჯანში "კავკასიის განვითარების ბანკი" (CBD) გაკოტრდა. ბანკის გაკოტრება ქვეყანაში არსებულმა მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა გამოიწვია. CBD-ს ფილიალი საქართველოშიც აქვს, მისი მფლობელი ბანკის გაკოტრების გამო დღეს ეროვნულმა ბანკმა "კავკასიის განვითარების ბანკ - საქართველოში" დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. 

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება:

"კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველო", რომლის აქტივები საქართველოს მთლიანი საბანკო აქტივების 0.14 პროცენტს შეადგენს, განაგრძობს კლიენტების მომსახურებას. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკის კაპიტალისა და ლიკვიდობის დონე საკმაოდ მაღალია და საჭიროების შემთხვევაში დროებითი ადმინისტრაცია მზად არის სრულად დააკმაყოფილოს კრედიტორების, მათ შორის, დეპოზიტართა მოთხოვნები.

ამასთანავე, ვაცხადებთ, რომ საქართველოს საფინანსო სფერო ჯანსაღია, რეგულირდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად და ეროვნული ბანკის ყველა გადაწყვეტილება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ სექტორის სტაბილურ და მდგრად განვითარებას", - წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

აზერბაიჯანში ბოლო ორი დღის მანძილზე ორი ბანკი, CBD და Atrabank, გაკოტრდა. საქართველოში CBD-მა ფილიალი 2013 წელს დააფუძნა.

კომენტარები