სუს-ი

სუს: რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი მილსადენის აფეთქება შევაჩერეთ

Getty Images

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის, ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარებისთვის საქართველოს 5 მოქალაქე: ბექა ბ, ვლადიმერ რ, მინდია ვ, ჯაბა მ. და ნური ჭ. დააკავეს. უწყების ცნობით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დაკავებულია საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ლევან მ. და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მოქალაქე ლევან ბ.

"გამოძიებით დადგენილია, რომ დასახელებული პირები ამზადებდნენ სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას", - წერია განცხადებაში.

სუს-ის ცნობით, 20 აგვისტოს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გაემგზავრნენ ჟინვალი-შატილის საავტომობილო გზის მახლობლად ტყის მასივში არსებული იარაღის სამალავიდან ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოსაღებად.

"სამალავიდან მათ ამოიღეს: 4 ცალი 200 გრამიანი ტროტილის კოჭა, ორი სახის ცეცხლგამტარი ზონარი, 5 ცალი კაფსულა დეტონატორი, ერთი ცალი ე.წ. "უემკაზე“ მუხტი, ერთი ცალი რუსული წარმოების ე.წ. "ვეზედეს“ მუხტი თავისივე ამფეთქით, რუსული წარმოების ერთი ცალი ამფეთქი და მოათავსეს ავტომანქანაში, რა დროსაც სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ისინი დააკავეს.

გამომძიებლების მიერ სამალავის დათვალიერების შედეგად ამოღებულია დამატებით 3 ერთეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდებით და საბრძოლო მასალა. ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში, მისი პერსონალური კომპიუტერიდან ამოღებულია რუკა, სადაც დატანილია ის ადგილები, რომლის აფეთქებასაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გეგმავდნენ", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

რუსეთ-სომხეთის დამაკვაშირებელი მილსადენი სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდების მთავარი წყაროა, საქართველოზე ამ მილსადენის 221-კილომეტრიანი მონაკვეთი გადის. 2006 წლის ზამთარში საქართველოს ენერგობლოკადა სწორედ ამ მილსადენის აფეთქებით იყო გამოწვეული. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციითვე, დანაშაულს სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი იძიებს, საქართველოს სსკ-ის 18 - 323 მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით, 3231 მუხლის 1-ლი ნაწილით, 25-3231 მუხლის 1-ლი ნაწილით, 236 მუხლის მე-2 ნაწილით, 332-ე მუხლით, 376-ე მუხლით.

კომენტარები