ნარკოპოლიტიკა

ფილიპინებში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას 1900-მდე ადამიანი შეეწირა

როდრიგო დუტერტე
King Rodriguez - Presidential Communications Operation Office

ფილიპინების ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას ქვეყანაში 1900-მდე ადამიანი შეეწირა. ანტინარკოტიკული კამპანია ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, შვიდი კვირის წინ წამოიწყო.

ქვეყნის ეროვნული პოლიციის გენერალური დირექტორის, რონალდ დელა როსას თქმით, ნარკოტიკებთან ბრძოლის პოლიტიკა არ ითვალისწინებდა ნარკოტიკებით მოვაჭრეთა ან მომხმარებელთა ლიკვიდირებას და სწორედ ამიტომ, 1100 მკვლელობა გამოსაძიებელია.

დელა როსამ ისიც დაამატა, რომ 300-მდე პოლიციელი თავადაა ეჭვმიტანილი ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის ხელის შეწყობაში. ამ ინფორმაციამ ადგილობრივ მედიაში სპეკულაცია გამოიწვია, რომ პოლიციელები მკვლელობებს ვაჭრობაში საკუთარი ჩართულობის კვალის დასაფარად მიმართავდნენ.

პოლიციის ძალადობრივ ქმედებაზე ღრმა შეშფოთება გამოხატა ფილიპინების მოკავშირე აშშ-მა, რომელმაც დუტერტეს მთავრობას ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდა.

Human Rights Watch-მა, თავის მხრივ, აშშ-სა და ევროპის კავშირის წევრებს დუტერტეს რეჟიმისთვის იმის შეხსენებისკენ მოუწოდა, რომ ასეთი ძალადობა მიუღებელია და ქვეყნისთვის შეიძლება, გამოიწვიოს შესაბამისი დიპლომატიური და ეკონომიკური საფასური.

ცნობისთვის, დუტერტეს, რომელსაც მეტსახელად "დამსჯელი" შეარქვეს, მთავარი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ ნარკოტიკებით ვაჭრობის აღმოფხვრა იყო.

კომენტარები