საპარტნიორო ფონდი

TI საქართველო: საპარტნიორო ფონდის საქმიანობა მეტ გამჭვირვალობას საჭიროებს

დავით საგანელიძე ჩინეთში ვიზიტის დროს
facebook.com/PartnershipFund

სს "საპარტნიორო ფონდი" სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უმსხვილესი საინვესტიციო ფონდია. მის მფლობელობაშია ისეთი კომპანიები, როგორიცაა - საქართველოს რკინიგზა, გაზისა და ნავთობის კორპორაცია, სახელმწიფო ელექტროსისტემა და სხვა მსხვილი აქტივები. ამ კომპანიების მოგებით მიღებული შემოსავლებით კი ფონდი ინვესტიციებს ახორციელებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშის მიხედვით, ფონდმა ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ბიზნესი დააფინანსა. ასევე ფონდში მაღალ თანამდებობას იკავებდა ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია დამალული იყო.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით, პროექტები, სადაც თანხა სავარაუდოდ გაუმჭვირვალედ დაიხარჯა:

სამოქალაქო ავიაციის კომპოზიტური ნაწილების ქარხანა (კავშირები ოთარ ფარცხალაძესთან)


ფოტო: airchive.com

  • სამოქალაქო ავიაციის კომპოზიტური ნაწილების ქარხანა
  • ადგილმდებარეობა: თბილისი
  • საინვესტიციო მოცულობა: $ 85 მლნ
  • გახსნის თარიღი: 2017 წელი

"2015 წლის გაზაფხულზე "საპარტნიორო ფონდმა” ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-თან ხელი მოაწერა პროექტს, რომელიც სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის - JSC Aerostructure Technologies Cylone (ATC) მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის მიზანი 17 საწარმოს შექმნაა, სადაც თვითმფრინავის დეტალები: კარები, აეროდინამიკური ზედაპირი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები მოწინავე ტექნოლოგიებით დამზადდება. ქარხნის მშენებლობა 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და მისი დასრულება 2017 წლის ბოლომდე, ხოლო პირველი სერტიფიცირებული პროდუქციის გამოშვება 2018 წლის დასაწყისში იგეგმება.

ქარხანა საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ - "ფოლადმშენის" ტერიტორიაზე შენდება. როგორც ფონდიდან მოწოდებული ინფორმაციის შედეგად გახდა ცნობილი, "საპარტნიორო ფონდთან" ერთად თანაინვესტორი კომპანია "როიალ დეველოფმენთია". "როიალ დეველოფმენთის" მიერ აშენებული შენობა და ინფრასტრუქტურა გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულებით გადაეცემა Elbit Cyclone-ის და „საპარტნიორო ფონდის” მიერ შექმნილ ერთობლივ კომპანია - JSC Aerostructure Technologies Cylone (ATC)-ს. როგორც "საპარტნიორო ფონდიდან” გვაცნობეს, ქარხნის შენობის მშენებლობის მიზნით "როიალ დეველოფმენთმა" Elbit Cyclone-ის მეთვალყურეობით სამშენებლო კომპანიების შესარჩევი კონკურსი ჩაატარა, სადაც კომპანია "ანაგმა" გაიმარჯვა. ELBIT Cyclone არის ELBIT Systems-ის შვილობილი კომპანია, რომელიც ისრაელში სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: სამხედრო/თავდაცვის საჰაერო ხომალდების ნაწილები, მსხვილი სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილები და უსაფრთხოების სისტემები. ELBIT Systems 1966 წელს ისრაელში დაარსდა და NASDAQ-ზე (ESLT) და თელ-ავივის საფონდო ბირჟებზე (TASE) კვოტირებული კომპანიაა. "საპარტნიორო ფონდის” ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, საწარმო JSC Aerostructure Technologies Cylone (ATC) ავიაციის ბაზარზე გასვლისთვის საჭირო ყველა აუცილებელ სერთიფიცირებას ELBIT-ის დახმარებით გაივლის. შექმნილი პროდუქციის 100%-ის გატანა ექსპორტზე იგეგმება, რომლითაც Boeing, Airbus, Bombardier და სხვა კომპანიების მომარაგება მოხდება.

JSC Aerostructure Technologies Cylone (ATC) - სს "აეროსტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)" "საპარტნიორო ფონდმა" და Elbit Cyclone-მა ამ პროექტისთვის ერთობლივად 2015 წელს დააფუძნეს. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ნათელა თურნავა ("საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე), თავმჯდომარის მოადგილეა დავიდ ვიდანი (ისრაელი). საბჭოს წევრები კი არიან: ნინო ჩოლოყაშვილი, გიორგი ზღუდაძე, რევაზ ტყავაძე და ალონ ური (ისრაელი). დირექტორთა საბჭოს წევრები არიან: რეფაელ ბიტონი (აღმასრულებელი დირექტორი) და იოსებ მამუკელაშვილი - ფინანსური დირექტორი. ზემოთ ხსენებული ადამიანები პოლიტიკური პარტიების შემომწირველთა სიაში არ ფიქსირდებიან. რაც შეეხება რევაზ ტყავაძეს, ის ასევე შპს "კომპი ინვესტის" მეწილეა (1.6%), შპს "ბამის" დირექტორი და მეწილე (70%) და შპს "ბი-სი-ჯი იურიდიული ოფისის" მეწილეა (10%). შპს "როიალ დეველოფმენთი" ფონდთან ერთად პროექტის თანაინვესტორს წარმოადგენს. კომპანია 2014 წლის ოქტომბერშია დარეგისტრირებული.

აღსანიშნავია, რომ მესაკუთრეების და დირექტორების ბოლო ცვლილება საეჭვოდ დაემთხვა კვლევაზე მუშაობის პერიოდს და ჩვენ მიერ ფონდისთვის დასმულ შეკითხვებს ამ კომპანიასთან დაკავშირებით, რადგანაც 2016 წლის 29 ივნისამდე კომპანია "როიალ დეველოფმენთის” 40%-ის წილის მფლობელი და 11 აგვისტომდე კომპანიის ერთ-ერთი დირექტორიც ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე იყო. ოთარ ფარცხალაძეს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია შევსებული აქვს ორჯერ, პირველი - 2013 წლის 5 ივნისს და მეორე - 2014 წლის 28 თებერვალს. 2013 წელს დეკლარაცია შევსებული აქვს, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საგამოძიებო სამსახურის უფროსს, ხოლო 2014 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში – მთავარ პროკურორს (ყოფილი). 2013 წლის დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ ის არის შპს "ბოდი გარდის" მეწილე, თუმცა არა აქვს მითითებული კომპანიები შპს „მიტერა" და შპს "ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტი". რადგანაც "როიალ დეველოფმენთი" დეკლარაციების შევსების შემდეგ - 2014 წლის 20 ოქტომბერს დარეგისტრირდა, ამიტომ ბუნებრივია, რომ ეს კომპანია ვერცერთ დეკლარაციაში ვერ აისახებოდა. შპს "ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტი" 2006 წლის 17 ივლისში არის დარეგისტრირებული და მისი მესაკუთრე (100%) შპს „როიალ დეველოფმენთია". რადგან „როიალ დეველოფმენთი’’ 2014 წლის 20 ოქტომბერს დარეგისტრირდა, შესაბამისად, შპს "ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტის" მესაკუთრეც აღნიშნული პერიოდის შემდეგ გახდა, ოთარ ფარცხალაძე კი შპს "ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტის" დირექტორად 2016 წლის 3 მაისში დაინიშნა. რაც შეეხება შპს "მიტერას", ეს კომპანია 2005 წლის 3 ივნისს არის დარეგისტრირებული, რომლის 75% წილის მფლობელი ქეთევან ცქვიტინიძე (ოთარ ფარცხალაძის მეუღლე) და 25% წილის მფლობელი კი თავად ოთარ ფარცხალაძეა, თუმცა ოთარ ფარცხალაძე 25% წილის მფლობელი 2016 წლიდან არის, ამიტომ ნათელია, თუ რატომ არ არის ეს ინფორმაციაც დეკლარაციებში ასახული. შპს „როიალ დეველოპმენთი" მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული არ არის და პოლიტიკურ პარტიების შემომწირველთა სიაშიც მისი წევრები არ ფიქსირდებიან. ლევ ნანიკაშვილი შპს "ნნნ-ინვესტის" მეწილეა (66%) ბელგიაში, ოთარ ფარცხალაძე კი შპს "ბოდი გარდის" მეწილე, შპს "მიტერას" მეწილე (25%) და შპს "ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტის" დირექტორია.

პროექტის შეფასება:

პროექტზე ამომწურავი ინფორმაცია საპარტნიორო ფონდის ვებგვერდზე არ მოიპოვება. ამ პროექტთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა იმან, რომ შპს "როიალ დეველოფმენთის" (რომელიც პროექტის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე დარეგისტრირდა) მესაკუთრეების და დირექტორების ბოლო ცვლილება საეჭვოდ დაემთხვა კვლევაზე მუშაობის პერიოდს და ჩვენს მიერ ფონდისთვის დასმულ შეკითხვებს ამ კომპანიასთან და ყოფილ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით. 2016 წლის 29 ივნისამდე კომპანია "როიალ დეველოფმენთის” 40%-ის წილის მფლობელი და მიმდინარე წლის 11 აგვისტომდე კომპანიის ერთ-ერთი დირექტორიც ოთარ ფარცხალაძე იყო. აღნიშნული პერიოდების შემდეგ კი ოთარ ფარცხალაძე შპს "როიალ დეველოფმენთთან" საერთოდ აღარ ფიგურირებს. ოთარ ფარცხალაძე 2013 წლის დეკემბრამდე მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მუშაობდა, შემდეგ კი ბიზნესში გადაინაცვლა. იგი ასევე ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია. შედეგად, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ კომპანია "როიალ დეველოფმენთი” სპეციალურად ამ პროექტის განხორციელებისთვის შეიქმნა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო ავიაციის ნაწილების კომპოზიტური ქარხნის პროექტთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს", - წერია კვლევაში.

ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო Hyatt Regency (ოფშორულ ორგანიზაციებთან კავშირი)

სასტუმრო ჰაიატი, (მოდელირება)
ფოტო: facebook.com/PartnershipFund

  • 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Hyatt Regency
  • ადგილმდებარეობა: თბილისი
  • ოთახების რაოდენობა: 170
  • საინვესტიციო მოცულობა: $65 მლნ
  • გახსნის თარიღი: 2018 წელი.

"2015 წლის ივნისში საპარტნიორო ფონდმა Merrydow Development Holdings LTD-სთან ერთად 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Hyatt Regency-ის მშენებლობა დაიწყო. სასტუმრო რუსთაველის გამზირზე, ყოფილ იუსტიციის სამინისტროს შენობაშია. პროექტის ფარგლებში, შენობის სრული რეაბილიტაცია და გამაგრება ხდება. ასევე ნარჩუნდება ისტორიული ფასადი. სასტუმრო 170-ნომრიანი იქნება, საკონფერენციო დარბაზებით, საცურაო აუზით, სპით, ფიტნესცენტრებით და ოთხი რესტორნით. Merrydow Development Holdings LTD-მა, როგორც ცნობილია, შპს "რუსთაველი ფროფერთი" დააფუძნა, რომელიც სასტუმროს განვითარებას ახორციელებს და რომელთანაც ფონდს ხელშეკრულება აქვს დადებული (ფონდი მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებთან აფორმებს ხელშეკრულებას). "რუსთაველი ფროფერთი" 2011 წელს დარეგისტრირდა, როგორც შპს, თუმცა 2015 წელს მისი რეორგანიზაცია მოხდა და სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა. რაც შეეხება Merrydow Development Holdings LTD-ს, მისი ვებგვერდი ცნობილი არ არის, და ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, იგი კვიპროსშია რეგისტრირებული. "რუსთაველი ფროფერთის" გენერალურ დირექტორ მინდია გადაევთან საუბრის შემდეგ გავარკვიეთ, რომ Hyatt Regency-ის პროექტის თანაინვესტორი რეალურად LCG - Loyal Capital Group-ია, რომლის შვილობილი კომპანიაც არის Merrydow Development Holdings LTD, ხოლო სს "რუსთაველი ფროფერთი", როგორც უკვე აღვნიშნეთ, Merrydow Development Holdings LTD-ის დამფუძნებელია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ოფიციალური წყაროებით Merrydow Development Holdings LTD-ის დირექტორი/ოფიცერი კომპანია - ONE WORLD SECRETARIAL LIMITED-ია, რომელიც კვიპროსში, ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული და ასევე ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიების Goldblatt Holdings Limited-ისა და FIRST RUSSIAN FOREX COMPANY LTD-ის მდივანი კომპანიაა. Merrydow Development Holdings LTD-ის მფლობელების შესახებ ინფორმაცია არც "საპარტნიორო ფონდის" ვებგვერდზეა განთავსებული და არც ღია წყაროებშია ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება LCG - Loyal Capital Group-ს, მისი სათავო ოფისი ლუქსემბურგშია. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელია (და იმავდრულად კომპანიის ვიცეპრეზიდენტი) ცნობილი ბიზნესმენი რომან ფიფია, რომელიც 2011 წლიდან "დინამო თბილისის" პრეზიდენტია. ამ კომპანიის სხვა დამფუძნებლების შესახებ ღია წყაროებში ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი.

პროექტის შეფასება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ

სასტუმროს პროექტს "საპარტნიორო ფონდთან” ერთად რეალურად არა Merrydow Development Holdings LTD-ი ახორციელებს, როგორც ეს ფონდის ვებგვერდზეა განმარტებული, არამედ LCG - Loyal Capital Group-ი, რომლის შვილობილ კომპანიასაც წარმოადგენს Merrydow Development Holdings LTD. მოძიებული ოფიციალური წყაროების თანახმად, Merrydow Development Holdings LTD-ს ოფშორულ ზონამდე მივყავართ, ხოლო LCG - Loyal Capital Group-ის დამფუძნებლების შესახებ სრული ინფორმაცია ღია წყაროებით ხელმისაწვდომი არ არის. კომპანიების ამ ბუნდოვან სქემასთან დაკავშირებით მინდია გადაევს ვესაუბრეთ, რომელიც სს "რუსთაველი ფროფერთი"-ს გენერალური დირექტორი და LCG - Loyal Capital Group-ის ერთ-ერთი ვიცე პრეზიდენტია. მისი განმარტებით კომპანიათა ამ სქემის არსებობა მათი გადაწყვეტილება იყო და ასე ჩათვალეს საჭიროდ. მართალია აღნიშნული კომპანიები კერძო კომპანიებია და ისინი თავისუფალი არიან თავიანთ გადაწყვეტილებებში, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ რადგან "საპარტნიორო ფონდი” სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია, სახელმწიფო ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ის ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიებთან ერთად პროექტებს არ უნდა ახორციელებდეს. ასეთი სქემების არსებობის პირობებში ეჭვი ჩნდება სახელმწიფო სახსრების არაეფექტიან ხარჯვასთან დაკავშირებით", - წერია კვლევაში.

უჩა მამაცაშვილის საქმიანობა საპარტნიორო ფონდში

"იკვეთება კავშირები საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან და პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გავრცელებული ინფორმაციის ჭრილში - ივანიშვილის ახლო ნათესავის უჩა მამაცაშვილის "საპარტნიორო ფონდში” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ პირად საუბრებში ფონდშიც გვიდასტურებენ რომ ბატონი მამაცაშვილი ფონდში 2012-2016 წლებში მუშაობდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ფონდის ვებგვერდზე არ მოიპოვება. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმ პროექტებში, სადაც "საპარტნიორო ფონდი” მინორიტარია, შემსრულებელი კომპანიების არჩევა ფასთა გამოკითხვით, მხოლოდ ორმხრივი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხდება. ეს სტანდარტები, ვფიქრობთ, საკმარისი არ არის პროექტების სათანადო გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ეს ყველაფერი ზოგიერთ შემთხვევაში კითხვებს აჩენს სახელმწიფო "საპარტნიორო ფონდის” მიერ სახელმწიფო თანხების გამჭვირვალე და ეფექტიან ხარჯვასთან მიმართებაში", - წერია საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევაში.

კომენტარები