იზორია დაკარგულ ჯარისკაცებზე: იკვეთება დანაშაულის ნიშნები

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას თქმით, ზღვაში დაკარგული სამხედროების შესახებ გამოძიებას კონკრეტული შედეგები უკვე აქვს. როგორც იზორია ამბობს, იკვეთება დანაშაულის ნიშნები.

"გამოძიებას უკვე აქვს კონკერტული შედეგები. იკვეთება გარკვეული დანაშაულის ნიშნები. თუ რა ტიპის დანაშაულთან გვაქვს საქმე, საზოგადოება ინფორმაციას მალე მიიღებს", - ამბობს თავდაცვის მინისტრი.

11-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა შავ ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, თურქული მხარის განმარტებით, ძებნის ოპერაციის გაგრძელება ამ ეტაპზე შედეგს ვეღარ გამოიღებს, რადგან მათი მხრიდან ყველანაირი რესურსი იქნა გამოყენებული, იმ რთული გარემო პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მათ უწევდათ მუშაობა.

16 აგვისტოს გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე კაპრალი, იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, დაიკარგა.

გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყება დაკარგულების ოჯახებს კანონმდებლობის შესაბამისად დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ უვადო შიმშილობა დაიწყო დაკარგული სამხედროს, იაგო შარაძის დედამ. ოჯახის წევრები შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ, დაკარგულების ძებნა განაგრძონ.

კომენტარები