არჩევნები 2016

ცესკო-მ "კვარაცხელია - სოციალისტები" საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა

ცესკო-მ პოლიტიკური გაერთიანება კვარაცხელია - სოციალისტები საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა. თავმჯდომარის შესაბამისი განკარგულება უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც განკარგულებაში წერია, საარჩევნო კოდექსის 113-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პარტია საარჩევნო რეგისტრაციის გასავლელად ცესკო-ს თავმჯდომარეს მიმართავს სათანადო განცხადებით, რომელსაც ხელს უნდა აწერდეს მისი ხელმძღვანელი პირი. მიმდინარე წლის 29 აგვისტოს, ცესკოს მოთხოვნის საფუძველზე, ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ განუხილველად დატოვა პარტიის განცხადება ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილებით რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

"შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბატონი ვალერი კვარაცხელია არ წარმოადგენს პარტიის თავმჯდომარეს, რაც 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ ცესკოს 2016 წლის 19 აგვისტოს N58/2016 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, წარმოადგენს პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს", - წერია განკარგულებაში.

თავმჯდომარის გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

კომენტარები