რუსთავი 2-ის საქმე

R2: დოკუმენტი ადასტურებს, რომ რუსთავი 2 ხალვაშის საკუთრებაში არასდროს ყოფილა

შეთანხმება ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის
რუსთავი 2

რუსთავი 2-ის მტკიცებით, ტელეკომპანიამ მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში არასდროს ყოფილა. დოკუმენტი 2010 წლის 4 თებერვლით თარიღდება და ტელეკომპანიის განცხადებით, ის ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეთანხმებას წარმოადგენს. დოკუმენტის ავთენტიკურობას ირაკლი ოქრუაშვილიც ადასტურებს. 

5 პუნქტისგან შემდგარი დოკუმენტის მეორე პუნქტში აღნიშნულია:

"ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შესაძენად დადებული ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით. შესაბამისად, ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, რუსთავი 2-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე (reccivables) საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს რუსთავი 2-თან დაკავშირებულ არც ერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე", - ნათქვამია დოკუმენტში.

მეორე პუნქტში ასევე ნათქვამია, რომ თუ ქიბარ ხალვაში აღნიშნულ შეთანხმებას დაარღვევს, მან ირაკლი ოქრუაშვილს 7 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა გადაუხადოს.

ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს.

"ქიბარ ხალვაშს არასდროს არაფერი არ ეკუთვნოდა, მისი არასდროს არაფერი ყოფილა - ამ შემთხვევაში რუსთავი 2-ს ვგულისხმობ. ასეთი დოკუმენტი არსებობს და ვადასტურებ, 2010 წელს გაფორმდა ბერლინში. დავა არ გვქონია, მაგრამ ვაპირებ აუცილებლად,"- აცხადებს ოქრუაშვილი P.S კურიერთან ინტერვიუში.

კომენტარები