არჩევნები 2016

ლომჯარია ჩუგოშვილზე: ეს არის პარტიის პოლიტიკური განცხადება და წინასაარჩევნო ხედვა

ტაბულა

სამართლიანი არჩევნების კონსულტანტის ნინო ლომჯარიას შეფასებით, ქართული ოცნების საარჩევნო სიის ახალი წევრის თამარ ჩუგოშვილის ბრალდება, რომელიც ენმ-ის მხრიდან "მოსალოდნელ პროვოკაციებს" ეხება, "პარტიის პოლიტიკური განცხადებები და წინასაარჩევნო ხედვაა". ტაბულასთან საუბარში ლომჯარია აღნიშნავს, რომ ძალადობის პროვოკაციის რისკები წინასაარჩევნო პერიოდში "ბევრი პოლიტიკური პარტიის მხრიდან" მომდინარეობს. ამასთან, სამართლიანი არჩევნების კონსულტანტის შეფასებით, სასურველია, ურთიერთბრალდებები ეფუძნებოდეს კონკრეტულ ფაქტებს, მტკიცებულებებს და ინფორმაციას.

"ეს არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური განცხადება ოპონენტი პარტიის მიმართ. ალბათ, თავად ამ პოლიტიკურ ძალას უნდა მოვთხოვოთ, რა კონკრეტული ფაქტები და ინფორმაცია აქვთ იმის თაობაზე, რაზეც საუბრობენ, თუმცა, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციას, შეგვიძლია, განაცხადოთ, რომ ძალადობის პროვოკაციის და ძალადობის რისკები წინასაარჩევნო პერიოდშიც და არჩევნების დღესაც არსებობს. თუმცა ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს რისკები მომდინარეობს მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიისგან. ჩვენ ვხედავთ როგორც ენმ-ის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობივ აქციებსა თუ კონტრაქციებს, ასევე ქართული ოცნების და სხვა პარტიების წინააღმდეგაც. მათ შორის, კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ აქციაც გადაიზარდა ძალადობაშიც" - ამბობს ლომჯარია და აღნიშნავს, რომ საყურადღებო საკითხია, საარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს არ მოხდეს ძალადობა.

"არჩევნების დღესაც, კორცხელის ფაქტიდან გამომდინარე, არსებობს დაპირისპირების რისკები, მითუმეტეს, ისეთ დროს, როდესაც ჩვენი ინფორმაციით, პოლიტიკური პარტიები აპირებენ, რომ არჩევნების დღეს მობილიზებული ჰყავდეთ თავიანთი მხარდამჭერები, კოორდინატორები. ჩვენი აზრით, თითოეულმა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა უზრუნველყოს, რომ მათ მხარდამჭერებს შორის არ მოხდეს რაიმე ტიპის ძალადობის ესკალაცია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ ძალადობის თავიდან აცილება, მისი პრევენცია არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, მითუმეტეს, როდესაც ვისმენთ, რომ მათ გააჩნიათ გარკვეული ინფორმაცია ძალადობის თაობაზე. თუ რამე ტიპის ინფორმაციას ფლობენ, პირველ რიგში, პოლიცია უნდა ჩააყენონ საქმის კურსში, რომ იყოს ადგილზე, სადაც არსებობს ეჭვი, რომ ასეთი რამ მოხდება, თუმდა, ასევე ვფიქრობ, ყველა პარტიის პასუხისმგებლობაა, რომ არ დაუშვან თავიანთ მხარდამჭერებში მსგავსი ქმედებების განხორციელება" - ამბობს ლომჯარია.

ტაბულას კითხვაზე, ფაქტების და მტკიცებულებების გარეშე მსგავსი ბრალდებები უფრო ხომ არ ძაბავს სიტუაციას, სამართლიანი არჩევნების კონსულტანტი პასუხობს, რომ "ვერ გეტყვით, ძაბავს თუ არა".

"ზოგადად, მსგავსი ტიპის ბრალდებები წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური განცხადებებია და თითეული პოლიტიკური პარტიის მხრიდან ერთმანეთის მიმართ ვისმენთ გარკვეული ტიპის ბრალდებებს, რომელიც შეიძლება იყოს დასაბუთებული, შეიძლება, არ იყოს. ეს არის პოლიტიკური განცხადებები და ეს არის იმ პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობა, რამდენად არის დასაბუთებული მათ მიერ გამოთქმული ბრალდებები. რაც შეეხება, დაპირისპირების პროვოცირებას, არ ვფიქრობ, რომ ამ განცხადებას შეიძლება, ძალადობა მოყვეს. მე მიმაჩნია, რომ ამის [ძალადობის] რისკები ნამდვილად არსებობს, თუმცა, არ მიმაჩნია სწორად ის, რომ მხოლოდ ერთი კონკრეტული პარტიის მხრიდან შეიძლება, მომდინარეოდეს, რისკი მომდინარეობს ბევრი პოლიტიკური პარტიის მხრიდან. პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომ ამ ტიპის დაპირისპირებამდე არ მივიდეთ, მითუმეტეს, თუ რაიმე ინფორმაცია გააჩნიათ, ხელისუფლებას აქვს ბერკეტი - მოახდინოს ძალადობის პრევენცია. და უმჯობესია, წინასაარჩევნო პერიოდში, ურთიერთბრალდებები ეფუძნებოდეს კონკრეტულ ფაქტებს, მტკიცებულებებს და ინფორმაციას" - ამბობს ლომჯარია.

ტაბულამ ლომჯარიას შეახსენა მმართველი გუნდის სხვა ბრალდებები ევრომაიდნის განმეორებაზე, ასევე, სახელმწიფო შეთქმულების მცდელობის მუხლით დაწყებული გამოძიება, რომლის ფარგლებშიც, ენმ-ის წევრები გიგა ბოკერია და გივი თარგამაძე დაკითხეს.

"ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ნამდვილად არ გვაქვს, თუმცა მთელი ამ წლების მანძილზე გვესმის ურთიერთბრალდებები როგორც ენმ-ის მხრიდან, ისევე ქართული ოცნების მხრიდან ოპონენტი პარტიების მიმართ, რომ ისინი გარკვეულწილად არეულობას გეგმავენ. ამ შემთხვევაში, ყველანაირი ბერკეტი აქვს ხელისუფლებას, თუ ისინი ფლობენ ინფორმაციას დანაშაულის ნიშნის შემცველი გეგმის შესახებ, რა თქმა უნდა, ეს უნდა გადაეცეს გამოძიებას და დაიდოს კონკრეტული მტკიცებულებები. რაც შეეხება ამ ტიპის გაცხადებებს, ეს არის პოლიტიკური განცხადებები, პარტიის წინასაარჩევნო ხედვები და უმჯობესი იქნება თუ ფაქტებზე იქნება დაფუძნებული ეს ინფორმაცია. იმ შეთხვევაში კი, თუ რაიმე ფაქტები არსებობს, აუცილებელია, ამაში ჩაერთოს გამოძიება და პოლიცია, როგორც პრევენციული იარაღი. სხვა მხრივ, ამ განცხადებების შეფასება ძალიან რთულია, ეს არის პოლიტიკური განცხადებები და კონკრეტული პასუხები  - რა ინფორმაცია და რა ფაქტები დგას, ამაზე ამ კონკრეტულმა პარტიამ უნდა გიპასუხოთ" - თქვა ლომჯარიამ.

ცნობისათვის, თამარ ჩუგოშვილმა დღეს განაცხადა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებს აგებს და ამიტომ არეულობას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არეულობის მცდელობაში ადანაშაულებს. ჯერ კიდევ 2014 წლის აპრილში, მაშინდელმა შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა ევრომაიდნის სცენარს ამუშავებს და ამ მიზნით უკვე დაწყებულია საბურავების მომარაგება". მაშინ ჭიკაიძე იმასაც ამტკიცებდა, რომ "იგეგმება ზონდერჯგუფების ჩამოყალიბება, რომლებმაც, შესაძლოა, მოახდინონ წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულებთან ასოცირებული პირების მობილიზება".

მსგავსი განცხადება ალექსანდრე ჭიკაიძემ რამდენიმე თვის შემდეგაც გააკეთა. ყოფილი შს მინისტრის თქმით, "გარკვეულ პოლიტიკურ ძალებში იგეგმება ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებები". მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად კონკრეტული დავალებები და გეგმები გასცა.

გარდა ამისა, 2015 წლის ოქტომბერში, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სახელმწიფო გადატრიალებისა და შეთქმულების მცდელობაზე. უწყება ეყრდნობოდა რუსულ სერვერებზე ატვირთული ბლოგის wikileaks.center-ის მიერ გამოქვეყნებულ "სააკაშვილისა და ბოკერიას დიალოგის ტრანსკრიპტს", რის საფუძველზეც, ენმ-ის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერიაც დაკითხეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მაშინდელმა მოადგილემ ლევან იზორიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტდაზვერვის მიერ ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება შეთქმულების ფაქტზე, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას ისახავდა მიზნად.

კომენტარები