არჩევნები 2016

კობახიძე: ენმ-ის დაგეგმილ პროვოკაციებზე ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან გვაქვს

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ დადასტურდება ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი პროვოკაციები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ამ შემთხვევაში აუცილებლად მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს". მისი თქმით, დაგეგმილ პროვოკაციებზე ინფორმაცია "სხვადასხვა წყაროდან" აქვთ. ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ თამარ ჩუგოშვილის გუშინდელი განცხადება პრევენცია იყო.

"ბუნებრივია, როდესაც პროვოკაციები იგეგმება პოლიტიკური გაერთიანების მიერ, ეს ინფორმაცია გარკვეულად ჟონავს გარეთ. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა წყაროდან მოგვდის ეს ინფორმაციები. სამართალდამცავი ორგანოები შეიძლება დაინტერესდნენ ამ საკითხით იმ შემთხვევაში, თუ ეს პროვოკაციები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ანუ, საუბარია პროვოკაციებზე. პროვოკაციები შეიძლება იყოს სხვადასხვა სახით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ჩვენ გვექნება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს პროვოკაციები უკვე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამ შემთხვევაში ჩვენც მივმართავთ სამართალდამცავ უწყებებს და ალბათ ისინიც თავადაც დაინტერესდებიან ამ ყველაფრით", - აღნიშნა კობახიძემ.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის თქმით, მათი ინფორმაციით, "პროვოკაციების განსახორციელებლად, ნაციონალურმა მოძრაობამ შეიძლება გამოიყენოს როგორც უშუალოდ თავიანთი სტრუქტურები, ისე თავისუფალი ზონა, ასევე, მათთან ასოცირებული ძველი თუ ახალი ორგანიზაციები".

"რა თქმა უნდა, ნაციონალურ მოძრაობას მასთან ასოცირებული ორგანიზაციების გარკვეული ქსელი აქვს, რომელსაც გამოიყენებენ პროვოკაციებისთვის, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი, როდესაც პროვოკაციებს განახორციელებენ. ჩვენი მიზანია პრევენცია, ჩვენი ამოცანაა ყველანაირი გართულების თავიდან აცილება, საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამ არჩევნებზე, როგორც მმართველი პარტია, აქედან გამომდინარე, ჩვენს ინტერესებშია, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად, კორექტულად. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. გუშინდელი ჩვენი განცხადებები პრევენციას ემსახურება. ჩვენი თვითმიზანი არ არის, რაიმე სახის პროვოკაციაზე წინასწარ ვისაუბროთ და მერე ეს მოხდეს. პირიქით, ჩვენი ამოცანაა პრევენცია, რომ ჩვენს ქვეყანაში, წინასაარჩევნო პერიოდში არანაირ პროვოკაციას არ ჰქონდეს ადგილი", - ამბობს კობახიძე.

რაც შეეხება ჯიხაშკარის ინციდენტს, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის მტკიცებით, იქ მათი აქტივისტები არ ყოფილან.

"ჩვენ გადავამოწმეთ იმთავითვე ინფორმაცია ზუგდიდთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი აქტივისტები იქ ჩართულები არ ყოფილან ამ ინციდენტში", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

ცნობისათვის, თამარ ჩუგოშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებს აგებს და ამიტომ არეულობას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არეულობის მცდელობაში ადანაშაულებს. ჯერ კიდევ 2014 წლის აპრილში, მაშინდელმა შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა ევრომაიდნის სცენარს ამუშავებს და ამ მიზნით უკვე დაწყებულია საბურავების მომარაგება". მაშინ ჭიკაიძე იმასაც ამტკიცებდა, რომ "იგეგმება ზონდერჯგუფების ჩამოყალიბება, რომლებმაც, შესაძლოა, მოახდინონ წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულებთან ასოცირებული პირების მობილიზება". მსგავსი განცხადება ალექსანდრე ჭიკაიძემ რამდენიმე თვის შემდეგაც გააკეთა. ყოფილი შს მინისტრის თქმით, "გარკვეულ პოლიტიკურ ძალებში იგეგმება ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებები". მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად კონკრეტული დავალებები და გეგმები გასცა.
 

გარდა ამისა, 2015 წლის ოქტომბერში, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სახელმწიფო გადატრიალებისა და შეთქმულების მცდელობაზე. უწყება ეყრდნობოდა რუსულ სერვერებზე ატვირთული ბლოგის wikileaks.center-ის მიერ გამოქვეყნებულ "სააკაშვილისა და ბოკერიას დიალოგის ტრანსკრიპტს", რის საფუძველზეც, ენმ-ის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერიაც დაკითხეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მაშინდელმა მოადგილემ ლევან იზორიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტდაზვერვის მიერ ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება შეთქმულების ფაქტზე, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას ისახავდა მიზნად.

კომენტარები