არჩევნები 2016

მღებრიშვილი არჩევნებზე: არ დავუშვებთ ნებისმიერი სახის დესტაბილიზაციის მცდელობას

ტაბულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე წინასაარჩევნო კამპანიაზეც ისაუბრა. მღებრიშვილის თქმით, შსს არ დაუშვებს დესტაბილიზაციის მცდელობას. მან მიმართა მხარეებს - ნუ ცდილობენ პოლიტიკურ ბატალიებში პოლიციელების ჩარევას.

"ჩვენ წინ ახლა მნიშვნელოვანი გამოწვევაა: უნდა შევძლოთ მოახლოებული არჩევნების სამართლიან, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება. მესმის, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას პოლიტიკური ვნებათაღელვები პიკს აღწევს. მაგრამ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, მივმართავ ყველა მხარეს, ნუ ცდილობენ ამ პოლიტიკურ ბატალიებში საკუთარი ქვეყნის პოლიციელების ჩარევას - ვერავინ მოახერხებს მათ დისკრედიტირებას. პოლიცია არის აპოლიტიკური უწყება. ჩვენ ვართ საქართველოს და მისი ყველა მოქალაქის პოლიციელები. მაგრამ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ თქვენი უსაფრთხოება ამ პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობისას. ამდენად, ხაზგასმით ვაცხადებ, პირადად მე და შსს-ს მთელი შემადგენლობა არ დავუშვებთ ნებისმიერი სახის დესტაბილიზაციის მცდელობას, ძალადობის ნებისმიერი გამოვლენა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის", - განაცხადა შს მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღეა, ქართული ოცნების წევრები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციებზე საუბრობენ. პარტიის ახალმა სახემ თამარ ჩუგოშვილმა თქვა, რომ ენმ არჩევნებს აგებს და ამიტომ არეულობას გეგმავს. 

კომენტარები