რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: უზენაესის თავმჯდომარის მოადგილე მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებს

rustavi2.com

რუსთავი ორის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეფასებით, NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტის პარალელურად, უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს „ძალიან მძიმე, შავ-ბნელი საქმეები". გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი კოლეგია მზად არის, ტელეკომპანიის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღოს, თუმცა, მათზე ზეწოლა მიმდინარეობს. მისი თქმით, ხელისუფლების დაკვეთების შემსრულებელი არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე.

„ჩვენი ინფორმაციით, განმხილველი კოლეგია აბსოლუტურად ჩამოყალიბებულია იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ საქმე წარმოებაში მიიღოს, მაგრამ მათზე მიმდინარეობს უმძიმესი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ამ ზეწოლაში მონაწილეობას იღებენ როგორც უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი ცალკეული თანამდებობის პირები, მოსამართლეები, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები. ამაში ჩართულია უსაფრთხოების სამსახურებიც" - თქვა გვარამიამ და აღნიშნა, რომ უზენაეს სასამართლოში ხელისუფლების წარმომადგენელი და დაკვეთების შემსრულებელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძეა.

„ის ნაციონალური მოძრაობის დროს, ასევე იყო სახელმწიფოს წარმომადგენელი. გულდაწყვეტით და სრული პასუხსმგებლობით უნდა ვთქვა, რომ ბატონი ცერცვაძე და ჩინჩალაძე ხელისუფლებას წარმოადგენდნენ მაშინაც, სამწუხაროდ, სასამართლო ხელისუფლებისგან მაშინ არ იყო დამოუკიდებელი. დღეს ისინი სრული მოცულობით არიან პორტირებული ოცნების ხელისუფლებაში და ახორციელებენ კიდევ უფრო უარეს საქმიანობას, ვიდრე ეს მანამდე ხდებოდა. ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე ბატონი ჩინჩალაძე არ აძლევს შესაძლებლობას საქმის განმხილველ კოლეგიას, მიიღონ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, იმგვარი გადაწყვეტილება, რომელიც კანონსა და კონსტიტუციას შეესაბამება, მაგრამ არ შეესაბამება სახელმწიფოს, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს, შესაბამისად - ბატონი ჩინჩალაძის ინტერესებს" - განაცხადა გვარამიამ.

რუსთავი ორის გენერალური დირექტორის თქმით, ჩინჩალაძე მთლიანად ინტეგრირებულია ხელისუფლებაში.

„ჩვენ ვსწავლობთ მის კორუფციულ საქმიანობას, მისი და მისი ოჯახის წევრების ბიზნესებს. ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, იგი სახელმწიფოსთან კომუნიცირებს ბატონი ივანე ზარდიაშვილის მეშვეობით, რომელიც არის კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და არის პარტიების მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ოცნების საარჩევნო სიაშია. ბატონი ზარდიაშვილი არის ბატონი ჩინჩალაძის მეჯვარე, იგი მთლიანად ოცნების მიერ არის ჩასმული კონტროლის პალატაში და ოცნების პოლიტიკურ ინტერესებს წარმოადგენს" - თქვა გვარამიამ და აღნიშნა, რომ ჩინჩალაძის ცოლი კონტროლის პალატაში ზარდიაშვილის თანამშრომელია.
„ბატონი ჩინჩალაძის ოჯახი თავისი ოჯახის ბიზნესებით მთლიანად არის შეზრდილი ხელისუფლებასთან, ხელისუფლებასთან აკავშირებს ფინანსური ინტერესები, რასაც აუცილებლად გამოვიკვლევთ და ბატონ ჩინჩალაძეს ვპირდები, ის აუცილებლად აღმოჩნდება ციხეში. სასამართლო ხელისუფლების მიღმა კი არა, კორუფციისთვის, სასამართლოზე ზეწოლისთვის იგი აღმოჩნდება ციხეში. დასრულდება ის ტრიადა, რომელიც მართავდა სასამართლოს მანამდეც და მართავს სასამართლოს კიდევ უარესი მეთოდებით დღეს" - განაცხადა გვარამიამ და აღნიშნა, რომ რუსთავი 2-ის საქმეში „ხელების ფათური" არავის არ შერჩება.

„ყველა ადამიანი არის საკუთარი ბედის განმკარგავი დამოუკიდებლად და თვითონ, ამიტომ მოვუწოდებ მოსამართლეებს რომლებიც ზეწოლას კეთილსიდნისიერად უმკლავდებიან: ქალბატონ ეკატერინე გასიტაშვილს, ბატონ პაატა ქათამაძეს და ბატონ ბესარიონ ალავიძეს. ჩინჩალაძეები მიდიან და მოდიან, თქვენ რჩებით. თქვენ უნდა განახორციელოთ მართლმსაჯულება. ნუ დაიღუპავთ თავს, იმიტომ რომ სხვამ ფული გააკეთოს თქვენი გადაწყვეტილების გამო. ნუ დაღუპავთ საკუთარ თავს, ქვეყნის დემოკრატიას და სასამართლო სისტემას იმიტომ, რომ ეს არის საქმე ტესტი. თუ თქვენ გაუძლებთ ამ ტესტს, თქვენ გადაარჩენთ სასამართლო ხელისუფლებას, თავისუფალ მედიას, სიტყვის თავისუფლებას, დემოკრატიის მომავალსა და არჩევნებს, რომელიც გვიახლოვდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ იქნებით პასუხისმგებელი პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებას თქვენ მოაწერთ ხელს. ისტორიას არ რჩებიან დამკვეთები და ჩინჩალაძეები, ასეთები ციხეებში რჩებიან საბოლოოდ. ისტორიას რჩებიან ისინი, ვინც გადაწყვეტილებებს აწერენ ხელს. ნუ შეხვალთ ისტორიაში შავ ფურცლად. გაუფრთხილდით საკუთარ პერსონალურ იმიჯს, კარიერას, პროფესიულ სინდისსა და თავმოყვარეობას, მაგრამ ასევე გაუფრთხილდით თქვენს ქვეყანას, თქვენი შვილების მომავალს, დემოკრატიის აწმყოსა და მომავალს" - მიმართა გვარამიამ მოსამართლეებს.

რუსთავი ორის გენერალური დირექტორი ასევე მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.

„დაიცავით ის სამი მოსამართლე, რომელიც იხილავს ჩვენს საქმეს. არ მისცეთ შესაძლებლობა ჩინჩალაძისნაირ ნაძირლებს, თავს მოახვიონ მოსამართლეებს შეხედულებები და აიძულონ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც არ უნდათ მიუხედავად იმისა, რომ ისინი სრულად იქნებიან ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლები. დაიცავით ქვეყანაში დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება, დაიცავით რუსთავი 2. ეს არის ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების და შესაბამისად, ქვეყნის მომავლის ერთადერთი შანსი. სხვა გზა არ არსებობს. გთხოვთ, ნებისმიერი კანონით დაშვებული ფორმით მოახდინოთ ზემოქმედება ამ ტიპის ადამიანებზე, ჩვენი ყველა ტიპის რესურსი ამოწურულია" - განაცხადა გვარამიამ.

უკვე ოთხი დღეა, უზენაესი სასამართლო რუსთავი 2-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს განიხილავს. განხილვა ზეპირი მოსმენის და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მიმდინარეობს. 

რუსთავი 2-ის ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივარი 13 ივლისს შეიტანეს. ადვოკატების განცხადებით, საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით განსაზღვრულ ყველა კრიტერიუმს, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობაც საკმარისია საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისთვის.

კომენტარები