ქორწინების თანასწორობა

ჩუგოშვილი ქორწინებაზე: თემის ღიად დატოვება აღვივებს ჰომოფობიურ განწყობებს

თამარ ჩუგოშვილი
ტაბულა

ქართული ოცნების ახალი წევრის და საარჩევნო სიის მეოთხე ნომრის თამარ ჩუგოშვილის თქმით, ქორწინების დეფინიციის საკითხს გარკვეული პოლიტიკური ძალები პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებენ და ამ თემით მანიპულირებას მხოლოდ „სწორი გადაწყვეტილება" დაასრულებს. ამის შესახებ ჩუგოშვილმა გადაცემა ინტერVIEW-ში ისაუბრა. მისი შეფასებით, ამ საკითხის ღიად დატოვება ჰომოფობიურ განწყობებს აღვივებს.

„ამ [ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის, დეფინიციის] საკითხის პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოყენება საერთოდ ძალიან არასწორი რაღაც მგონია. გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა, ჩემი აზრით, გადაწყვიტეს, რომ პოლიტიკური პლატფორმა დაეშენებინათ ამ თემაზე. ის სპეკულაციები, რომელიც ამ საკითხის გარშემო მიდის, ამ თემის პოლიტიკური მიზნით გამოყენება, არის ძალიან დამაზიანებელი. რაც დაასრულებს ამ თემით მანიპულირებას და სპეკულირებას, ჩემი აზრით, არის სწორი გადაწყვეტილება. კონსტიტუციაში ჩაიწერება თუ არა, ჩვენს კანონმდებლობაში ეს ისედაც ასეა განსაზღვრული. არასდროს არცერთ ადამიანს ამ კანონის შეცვლა არ მოუთხოვია და რომ არა ამ თემის ხელოვნურად დემონიზება, საერთოდ არ მოხდებოდა ამ საკითხის დაყენება. მე მგონია, რომ ამ საკითხის ღიად დატოვება აღვივებს ჰომოფობიურ განწყობებს საზოგადოებაში და ზოგადად სიძულვილზე დამყარებულ განწყობას", - თქვა თამარ ჩუგოშვილმა და აღნიშნა, რომ ქორწინების დეფინიციის თემით ანტიდასავლური ძალები მამანიპულირებენ.

„ჩვენი ნარატივი არის მუდმივად იმაზე, რომ არავითარ შემთხვევაში დასავლური ღირებულებები, ევროინტეგრაცია არ გულისხმობს, თუნდაც, ქორწინების თემის თავს მოხვევას. ეს ძალები [რომლებიც მანიპულირებენ ქორწინების დეფინიციის თემით] არიან სწორედ ის ძალები, რომლებსაც გააჩნიათ ანტიდასავლური განცდების გაღვივებისა და გაძლიერების ამოცანა. ისინი არ ასრულებენ დისკუსიას. ისინი ამ თემას იყენებენ, როგორც პოლიტიკურ პლატფორმას, რაც არის ძალიან არასწორი და გარდა იმისა, რომ ეს რაღაც ჯგუფებისთვის არის პრობლემური, ამის საზოგადოებას აწვდის არასწორ მესიჯებს. უჩენს განცდას, რომ თითქოს ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ ვიღაცა რაღაცას ახვევს თავს, რაც აბსოლუტურად არასწორია", - თქვა ჩუგოშვილმა.

ჟურნალისტ სალომე ასათიანის კითხვაზე, უნდა დაჰყვეს თუ არა ხელისუფლება ანტიდასავლური ძალების აღნიშნულ კამპანიას და შეიტანოს თუ არა კონსტიტუციური ცვლილება იმ მიზნით, რომ ამ თემით მანიპულირება დასრულდეს, ჩუგოშვილმა უპასუხა, რომ ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა, ისედაც განსაზღვრულია კანონმდებლობით და „დღევანდელი სტატუსკვო არ იცვლება".

„რასაც დღეს კანონმდებლობა განსაზღვრავს, ამ საკონსტიტუციო ცვლილების შემთხვევაშიც იგივე იქნება კანონმდებლობაშიც ჩაწერილი“, - თქვა თამარ ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქორწინების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი თქვა, პრემიერმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ, ქართული ოცნება კვლავ დააყენებს საკონსტიტუციო ცვლილების საკითხს. მმართველ გუნდს სურს, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის ერთობა.

კომენტარები