არცევნები 2016

უკვე მეორე არჩევნების წინ ივანიშვილის დაპირება ქუთაისის უნივერსიტეტის აშენებაა

ქუთაისის უნივერსიტეტის რენდერი
facebook.com/KvirikashviliOfficial

არჩევნებამდე 25 დღით ადრე ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის საფუძვლის ჩაყრას დაესწრო. პროექტის მშენებლობა 2019 წელს უნდა დასრულდეს და ის 60 ათას სტუდენტზე იქნება გათვლილი. ქართუ ფონდის განცხადების მიხედვით, ქუთაისის და თბილისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტების მშენებლობას ბიძინა ივანიშვილი €1 მილიარდით აფინანსებს. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის აშენების დაპირება ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ქუთაისის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე გასცა. პროექტის მშენებლობის დაწყებისთვის კი მისმა ფონდმა 2016 წლის საარჩევნო პერიოდი შეარჩია. 

"60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც გაშენდება 140 ჰექტარზე, უზრუნველყოფს ქვეყანას ყველა იმ დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რაც ესაჭიროება საქართველოს ეკონომიკას სწრაფი განვითარებისთვის. სტუდენტთა პირველი ნაკადის მიღება დაგეგმილია 2019 წელს. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის, თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ინსტიტუტის და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაპროექტებას, მშენებლობას, აღჭურვას და ფუნქციონირებას სრულად უზრუნველყოფს ფონდი "ქართუ".ორივე მეგაკომპლექსი დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში და როგორც თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ისე ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი იქნება სახელმწიფო დაწესებულება", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

უნივერსიტეტი 60 ათას სტუდენტზე იქნება გათვლილი, რაც მას კავკასიის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე დიდ უნივერსიტეტად აქცევს. შედარებისთვის ამ უნივერსიტეტის სტუდენტთა რაოდენობა მრავალ ცნობილ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთა შედარებით უფრო დიდი იქნება. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (MIT) სტუდენტთა რაოდენობა 11.3 ათასია, კოლორადოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის 30 ათასი, ჯორჯიის შტატის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის 22 ათასი. ყველა ამ უნივერსიტეტის ყოველწლიური ბიუჯეტი რამდენიმე მილიარდ დოლარს აღემატება. მშენებლობის დასრულების შემდეგ ის სახელმწიფოს უნდა გადაეცეს, შესაბამისად, მისი შენახვა ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ამასთანავე უცნობია, არსებობს თუ არა ქვეყანაში ამ მოცულობის ახალ უნივერსიტეტზე მოთხოვნა. 

კომენტარები