არჩევნები 2016

რატიანი: გვჭირდება ნორმალური საარჩევნო გარემო, რათა მშვიდად შევცვალოთ ხელისუფლება

Sergo Ratiani/Fb.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნისა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სერგო რატიანის თქმით, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია და რადიკალიზაცია სურს, "ქართული ოცნებაა".

"დესტაბილიზაციის ერთადერთი წყარო საქართველოში ქართული ოცნებაა, რომელიც 4 წლის განმავლობაში ძალადობს. შარშან მათ ნაციონალური მოძრაობის 60 ოფისი დაარბიეს. ერთადერთი, რამაც მაშინ ქვეყანა დესტაბილიზაციისგან გადაარჩინა, ნაციონალური მოძრაობის ბრძანება იყო, რომ ჩვენი წევრები, აქტივისტები და მხარდამჭრები პროვოკაციებს არ წამოგებულიყვნენ.

ჩვენ ვატარებთ კამპანიას, გვჭირდება ნორმალური, მშვიდი საარჩევნო გარემო, რათა მშვიდად შევცვალოთ ხელისუფლება 8 ოქტომბერს. ერთადერთი ძალა, რომელსაც დესტაბილიზაცია უნდა, თავად ქართული ოცნებაა. ამაზე ცოტა ხნის წინ სამეგრელოში მომხდარი ინციდენტიც მეტყველებს", - თქვა რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საარჩევნოდ პროვოკაციების მოწყობას გეგმავს.

კომენტარები