ფულადი გზავნილები

აგვისტოში ფულადი გზავნილები 25%-ით გაიზარდა

REUTERS

2016 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ $105.8 მილიონი, ანუ 245.4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 25.3%-ით (21.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია. 

ფულადი გზავნილების მიხედვით აგვისტოში უმსხვილესი დონორი ქვეყნების სია ასე გამოიყურება:

  1. რუსეთი - $37 მილიონი
  2. აშშ - $11.7 მილიონი
  3. იტალია - $10.5 მილიონი
  4. საბერძნეთი - $10.4 მილიონი
  5. თურქეთი - $8 მილიონი
  6. ისრაელი - $5.5 მილიონი
  7. ესპანეთი - $3 მილიონი
  8. აზერბაიჯანი - $2.5 მილიონი
  9. გერმანია - $2.4 მილიონი
  10. გაერთიანებული სამეფო - $2.4 მილიონი

წინა წელთან შედარებით ფულადი გზავნილების ზრდა ძირითადად საბერძნეთს უკავშირდება. გასული წლის ივლის-აგვისტოში საბერძნეთში საგარეო ვალის კრიზისი იყო, რის გამოც საბერძნეთმა ყველა საერთაშორისო გადარიცხვა დაახლოებით ერთი თვით შეაჩერა. ამ შეჩერების გამო გასული წლის აგვისტოში საბერძნეთიდან საქართველოში მილიონ დოლარზე ნაკლები გადმოირიცხა, წელს კი საბერძნეთიდან გადმორიცხულმა თანხამ $10 მილიონი შეადგინა. 

აგვისტოში საქართველოდან უცხოეთში $17.3 მილიონი გაიგზავნა, რაც წინა წელთან შედარებით $5 მილიონით მეტია.

კომენტარები