ნარკოპოლიტიკა

თეთრი ხმაურის მოძრაობის განცხადება პოლიციასა და ნარკოპოლიტიკაზე

გურამ მურადოვი

თეთრი ხმაურის მოძრაობა არის საზოგადოებრივი ინიციატივა ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის. მოძრაობა მხარს უჭერს მტკიცებულებებზე დამყარებულ, ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ორიენტირებულ ნარკოპოლიტიკას.

რეგიონსა და მსოფლიოში საქართველო ცნობილია რეპრესიული მიდგომით, რომელიც ხელს უწყობს ახალი ნივთიერებებით გამოწვეული ზიანისა და ინექციური მომხმარებლების რაოდენობის ზრდას. უამრავი მოქალაქე* პირობით სასჯელს იხდის და საპროცესო შეთანხმებაში იმყოფება სახელმწიფოსთან. ისინი გამუდმებით იმყოფებიან იმის შიშში, რომ პრობაციის ბიუროდან გამოსულებს პოლიცია დახვდება და ურინოტესტირებაზე გადაიყვანს, სადაც მათ უკანონოდ ეზღუდებათ ტელეფონით ან ადვოკატით სარგებლობის უფლება. მათი დაყოვნება ხშირად 12 საათს გრძელდება და რიგ შემთხვევაში ადმინისტრაციული დაკავების ვადის ამოწურვის შემდეგ განმეორებით აკავებენ. პოლიციის მოქმედებები არათუ დანაშაულის პრევენციას, არამედ მის პროვოცირებას ემსახურება. მიკროსკოპული ოდენობების გამო, 5-დან 8 წლამდე საპატიმრო სასჯელის თავიდან ასარიდებლად, მომხმარებლებს გამოძიებასთან თანამშრომლობას სთავაზობენ, თუმცა არა მოცემული საქმის გამოსაძიებლად, არამედ საახლობლო წრის დასასმენად. სწორედ ამგვარი შემთხვევების რიცხვს განეკუთვნება დემურ სტურუასა და მისი ოჯახის ტრაგედია.


ფოტო: ლუსი

თეთრი ხმაურის მოძრაობა მიიჩნევს, რომ დემურ სტურუას საქმეზე გამოძიების დაწყება სამოქალაქო პროტესტისა და საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის დამსახურებაა. თვეზე მეტი დროის განმავლობაში შსს განცხადებას არ აკეთებდა, ვიდრე მედიაში არ გამოჩნდა სტატიები და სიუჟეტები იმასთან დაკავშირებით, რომ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე უდანაშაულოა, რომ მის ოჯახზე ხორციელდება ზეწოლა და რომ ის გამოძიებას არ ემალება. მანამდე კი ვრცელდებოდა ჭორები, რომლებიც გარდაცვლილის, მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლების კრიმინალურ წარსულზე საუბრით დაზარალებულთა დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული. ბრალდებულის ადვოკატი აცხადებდა, რომ ამზადებდნენ მტკიცებულებებს, რომლითაც გოდერძი თევზაძის უდანაშაულობა დამტკიცდებოდა და რომ სამოქალაქო ორგანიზაციებს ფინანსური ინტერესის გამო შეგნებულად შეჰყავთ შეცდომაში საზოგადოება. ტელეეთერით გავიდა სიუჟეტები, სადაც გოდერძი თევზაძის მამა მისი შვილის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს არ ეთანხმება და თვითმკვლელობით იმუქრება. მედიაში სწორედ მას შემდეგ დაფიქსირდა ეს ტენდენცია, რაც საქმეში მოწმის სტატუსით დაკითხული პირი თავს დაესხა გარდაცვლილის ოჯახს და სასტიკად გაუსწორდა გარდაცვლილი დემურ სტურუას დედას და უმცროს ძმას.

თეთრი ხმაურის მოძრაობის უმთავრეს ღირებულებას ადამიანი, მისი უფლებები და ღირსება წარმოადგენს. მოძრაობისთვის მიუღებელია ადამიანის ან მისი ოჯახის წევრების მიმართ აგრესიისა და ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება, რაოდენ მძიმე ბრალდებაც არ უნდა ჰქონდეს წაყენებული მას. მოძრაობა წუხს, რომ ბრალდებულის ოჯახის წევრები მძიმე ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფებიან და თანაუგრძნობს მათ. როგორც გარდაცვლილის, ისე ბრალდებულის ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო და კერძოდ პოლიცია. სწორედ პოლიციის მხრიდან უმოქმედობამ გამოიწვია საქმის ამგვარი გართულება და საფრთხის წინაშე დააყენა ადამიანთა უსაფრთხოება.


ფოტო: გურამ მურადოვი

ამ საქმის განხილვა მნიშვნელოვანია საარჩევნო კონტექსტშიც. რომ არა წინასაარჩევნო პერიოდი, საქმეს სავარაუდოდ არ ექნებოდა სათანადო გამოხმაურება და დარჩებოდა პოლიციელების მიერ ჩადენილ და დაუსჯელ მორიგ დანაშაულად. ხელისუფლების პოზიცია ბუნდოვანია, თითქოს ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ რა განაჩენი გამოუტანონ გოდერძი თევზაძეს. ერთის მხრივ, მმართველ ძალას ახსოვს, თუ როგორ მოვიდა ხელისუფლებაში სწორედ ამ დროს, 4 წლის წინ პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობის დამადასტურებელი ვიდეომასალით. დღეს კი ხელისუფლებას არ სურს დათმოს პოზიციები და ანგარიშს უწევს კიდევ უფრო მომთხოვნ საზოგადოებრივ აზრს. ამიტომ ის აცხადებს, რომ გამოიძიებს საქმეს და დასჯის დამნაშავეს (თითქოს დათმობაზე მოდიოდეს ამით და არა საკუთარ მოვალეობას ასრულებდეს). მეორეს მხრივ კი ხელისუფლებას აუცილებლად ესაჭიროება პოლიციის ადმინისტრაციული რესურსი არჩევნების დროს და ყველანაირად ცდილობს არჩევნებამდე თავიდან აიცილოს დილემა: დასაჯოს პოლიციელი და ამით ერთის მხრივ დააკმაყოფილოს ამომრჩევლის მოთხოვნა და მეორეს მხრივ დაკარგოს პოლიციის ადმინისტრაციული რესურსი არჩევნებში, თუ გაწელოს გამოძიება, გაამწვავოს დაპირისპირება სამოქალაქო მოძრაობებთან და რისკის ქვეშ დააყენოს საკუთარი იმიჯი არჩევნების წინ.

მიგვაჩნია, რომ დემურ სტურუას საქმე არ არის კერძო შემთხვევა. საზოგადოებისთვის ცნობილია საქმეები, სადაც გამოძიება დღემდე არ დასრულებულა (ბახუტაშვილი-ხუციშვილის საქმე გრძელდება 2013 წლიდან, ხოლო ლევან აბზიანიძის საქმე - 2015 წლიდან). ნდობა პოლიციის და პროკურატურის მიმართ არის დაბალი და არსებობს საფრთხე, რომ არჩევნების შემდეგ ეს საქმეები შეჩერდება. მეტიც, არსებობს მოლოდინი, რომ პოლიცია შურს იძიებს ადამიანებზე, ვინც გაბედა და ამხილა სისტემის მანკიერება. მათი დისკრედიტაციის მცდელობა თავად გოდერძი თევზაძეს უკვე ჰქონდა, როდესაც ის გარდაცვალებიდან მე-40 დღემდე ცოტა ხნით ადრე ჩაბარდა პროკურატურას.

მოძრაობა გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემის მოგვარებას კანონმდებლობის ცვლილებაში ხედავს, რაც ახლად არჩეული პარლამენტის შეკრებამდე შეუსრულებელი ამოცანაა. შესაბამისად მოძრაობა გამოდის კონკრეტული გეგმით კანონის აღსრულების პრაქტიკის ცვლილებაზე, რაც არჩევნებამდე აუცილებლად უნდა განახორციელოს მთავრობამ.


ფოტო: გურამ მურადოვი

თეთრი ხმაურის მოძრაობა მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, მთავრობას, შსს-ს, იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მთავარ პროკურატურას და ყველა მონაწილე მხარეს, მოუწოდებს მათ დაუყოვნებლივ გამოცხადდეს ნარკოტიკის მოხმარების გამო კანონის აღსრულებაზე მორატორიუმი და დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

1. თანამდებობიდან გათავისუფლდეს სამტრედიის პოლიციის უფროსი;

2. შეიქმნას გამოძიების მონიტორინგის ჯგუფი სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით და დაიწყოს გამოძიება სისტემური დანაშაულის გამოვლენის მიზნით;

3. მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში დასრულდეს გამოძიება დემურ სტურუას, ლაშა ბახუტაშვილის, ბესო ხუციშვილისა და ლევან აბზიანიძის საქმეებზე;

4. დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყდეს ნარკოტესტირების ღირსების შემლახავი პრაქტიკა;

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 273-ე მუხლით ბრალდებული და მსჯავრდებული პირების მიმართ გამოყენებული იყოს განრიდება;

6. პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს საპროცესო შეთანხმების პირობების ცვლილების თაობაზე 260-ე მუხლით გასამართლებული პირებისათვის: თუკი საქმეში მტკიცებულებად არსებული ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობა არ აღემატება ამ ნივთიერების მოხმარების საშუალო დღიურ დოზას**, მსჯავრდებულს სასჯელი პირობითად ჩაეთვალოს, ხოლო ისინი, ვინც პირობითი სასჯელის ნახევარზე მეტი მოიხადა, გათავისუფლდნენ პირობითი მსჯავრისაგან.

7. პარლამენტის შეკრებამდე მუშაობა განაახლოს ანტინარკოტიკულმა უწყებათშორისმა საბჭომ, რათა მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე შეთანხმება, კერძოდ კი ნივთიერებათა ოდენობების დადგენის და სასჯელის ზომის გადასინჯვის თაობაზე.

თბილისი, 2016 წლის 15 სექტემბერი

დემურ სტურუას გარდაცვალებიდან მე-40 დღე.

 

* 2014 წლის მონაცემებით 2968 პირს დაეკისრა პირობითი სასჯელი ძირითადად 260-ე და 273-ე მუხლების მიხედვით, რაც საერთო გასამართლებულთა რაოდენობის 45%-მდე შეადგენს (წყარო: ალტერნატივა ჯორჯია, ნარკოვითარება საქართველოში, წლიური ანგარიში, 2014) ** ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის კანონმდებლობაზე მომუშავე ჯგუფს მზად აქვს ოდენობათა განსაზღვრის რამდენიმე მოდელი, რომელთა სამუშაო ვერსიად აღება შეუძლია ანტინარკოტიკულ უწყებათშორის საბჭოს.

კომენტარები