ლატარია

მთავრობა სახელმწიფო ლატარიის კომპანიას ლიცენზიას დროზე ადრე უწყვეტს

0 კომენტარი
ფოტო: JOEL SAGET / AFP

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ლატარიის კომპანიას ლატარიის ჩატარების ექსკლუზიურ ლიცენზიას დროზე ადრე უწყვეტს და ახალ ტენდერს აცხადებს. ამის მიზეზი ბიუჯეტისადმი ლატარიის კომპანიის 216 მილიონიანი დავალიანებაა. საქართველოს ლატარიის კომპანია 2009 წელს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით, ბაზრის სრული მონოპოლისტია, ამ ლიცენზიას ვადა 2019 წელს ეწურებოდა, თუმცა მთავრობა მას დროზე ადრე წყვეტს.

ტენდერი საქართველოში ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მოპოვებაზე

"საქართველოს ფინანსთა სამინისტრო „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებს ტენდერს საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად.

ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს. სატენდერო წინადადებების მიღება მოხდება 2016 წლის 12 დეკემბერს 9:00  საათიდან 18:00 საათამდე. გამარჯვებულ პრეტენდენტს საქართველოში ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლება გადაეცემა 10 წლის ვადით" - წერია სამინისტროს განცხადებაში.

ლატარიის კომპანიის 70%-იანი წილი სახელმწიფო საკუთრებაშია. კომპანია უკვე წლებია გადასახადებს თავს არიდებს და ამავდროულად წაგებაზე მუშაობს. 2016 წლის დასაწყისში მთავრობამ ლატარიის კომპანიის პრივატიზაცია გადაწყვიტა, მაშინ გამოცხადებულ აუქციონზე კომპანიის საწყისი ფასი ათას ლარს შეადგენდა. (შედარებისთვის სხვა მსხვილი ობიექტების საწყისი ფასი რამდენიმე ათეული მილიონი ლარიდან იწყება.) 2016 წლის 11 თებერვალს სახელმწიფომ აუცქიონი შეაჩერა.

"საქართველოს ლატარიის კომპანიის“ ფინანსური მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა. კერძოდ, კატასტროფულად არის შემცირებული გათამაშებებისგან მიღებული შემოსავლები.2010 წელს აღნიშნულმა შემოსავალმა 52.000.000 ლარს გადააჭარბა, როცა 2015 წლის სამი კვარტლის მონაცემებით მან 16.000.000 ლარზე ნაკლები შეადგინა. კომპანიამ, მას შემდეგ, რაც მისი 70 %-იანი წილი სახელმწიფოს ხელში აღმოჩნდა, ყოველი წელი წაგებით დაასრულა და დააგროვა სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებები. მხოლოდ 2014 წელს კომპანიის მოკლევადიანი ვალდებულებები 58.000.000 ლარით გაიზარდა, ხოლო 2015 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით მისმა დავალიანებამ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 216.318.937 ლარი შეადგინა (აქედან საურავი 62.634.927 ლარი)", - წერია გადასახადის გადამხდელთა კავშირის განცხადებაში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები