არჩევნები 2016

ენმ: გორში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს ზონდერები დაახვედრეს

ირმა ნადირაშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, გორში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს ბადრი ბასიშვილს და მის მომხრეებს ერთერთ სოფელში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. პარტიაში ამბობენ, რომ 30-მდე ადამიანი, რომელიც მაჟორიტარობის კანდიდატს სოფლის შესასვლელში დახვდა, ხელისუფლების მიერ იყო მობილიზებული.

„ხელისუფლებამ ბადრი ბასიშვილს და მის ჯგუფს, რომლებიც სოფელ ფლავისმანში მივიდნენ, დაახვედრა ზონდერები - მოჭიდავეები და სპორტსკოლის წარმომადგენლები. ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა მალხაზ მეტრეველი. ეს არის ადამიანი, რომელიც მუშაობს საჯარო სამსახურში და სწორედ მას აქვს დავალებული ამ ზონის კონტროლი, მოჭიდავეების და სხვა ზონდერების დახმარებით. დაახლოებით 30 ადამიანი ცდილობდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი და მისი მომხრეები არ შეეშვა სოფელში. ადგილი ქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას, სიტყვიერ შეურაცხყოფას", - ამბობს ირმა ნადირაშვილი.

ნადირაშვილის თქმითვე, მაშინ როდესაც ხელისუფლება პარტიებს მემორანდუმს სთავაზობს და არჩევნების ცივილიზებულად ჩატარებისკენ მოუწოდებს, „მეორეს მხრივ, იქცევა სრულიად ველურად".

კომენტარები