სესხები

ბანკებში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 16.4%-ით გაიზარდა

AP Photo

ეროვნული ბანკის მონაცემებით, პირველი სექტემბრისთვის კომერციულ ბანკებში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობამ 421 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით 16.4%-ით, წინა თვესთან შედარებით კი 1%-ით მეტია. ბანკების მთლიანი სასესხო პორტფელი 16.5 მილიარდ ლარს შეადგენს, აქედან ვადაგადაცილებულ სესხებზე პორტფელის 2.5% მოდის.

ამ 421 მილიონი ლარის 62% უცხოურ ვალუტაში ნომინირებულ სესხებზე, 37.5% კი ლარში ნომინირებულ სესხებზე მოდის. ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ვადაგადაცილების ზრდა ლარის გაუფასურებას უკავშირდება. ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო ვადაგადაცილებული სესხების უცხოურ ვალუტაში ნომინირებული ნაწილი გაიზარდა.

ვადაგადაცილებული სესხების სტატისტიკას ეროვნული ბანკი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკების და უცხოური ბანკების ქართული ფილიალების მიერ მიწოდებული ყოველთვიური ანგარიშების საფუძველზე ადგენს. ვადაგადაცილებული სესხები კი არის კლიენტებზე გაცემული სესხებით ვადაგადაცილებული დავალიანების თანხები, რომლებიც არ არის დაფარული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში.

კომენტარები