არჩევნები 2016

ივანიშვილი ქართული ოცნების მილიონიან სესხზე: გაუჭირდათ და სესხი აიღეს

საქართველოს ექსპრემიერმა და უმდიდრესმა მოქალაქემ ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნების მიერ ქართუ ბანკიდან სესხად აღებულ ერთ მილიონ ლარზე დღეს პირველი კომენტარი გააკეთა. ივანიშვილის თქმით, სესხის აღება ნიშნავს, რომ პარტიას გაუჭირდა, რადგანაც "სესხს დალხინებული კაცი არ ღებულობს". 

"მე არ ვიცი, პირველად მესმის. ესე იგი, გაუჭირდა და სესხი აიღო. სესხს დალხინებული კაცი არ ღებულობს. მთავარია, ეჭვის საფუძველი არ გაჩნდეს, რომ მმართველი პარტია სარგებლობს დამატებითი პრივილეგიებით. იუმორითაც შეიძლება ვთქვათ, გაუჭირდათ და ისესხეს. ადრე ნაციონალურმა მოძრაობამ მოახერხა და ქართული ოცნების ყველა დაფინანსება დაბლოკა. სხვათაშორის, მაშინ ჩვენ ვერც დავაფინანსეთ პროცესი და ისევე საზოგადოებამ, ფანდრაიზინგმა გაიმარჯვა, ეს არის ძალიან საამაყო, ახლაც დამბურძგლა, იმ ამბებს რომ ვიხსენებ", - ბიძინა ივანიშვილი.

ქართული ოცნების სესხი ოთხთვიანია, მისი საპროცენტო განაკვეთი კი 11%-ია. ბანკმა პარტიისგან უზრუნველყოფის სახით საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი მიიღო. ამ მუხლის მიხედვით, პარტიას, რომელიც არჩევნებში 10%-ს ან მეტს აიღებს, ერთი მილიონი ლარის მოთხოვნის უფლება აქვს. შესაბამისად მაღალი ალბათობით ოცნების სესხს საქართველოს ბიუჯეტი დაფარავს. 

ქართუ ბანკის სესხი შესაძლოა პოლიტიკური შემოწირულობის 60 ათას ლარიანი ლიმიტის გვერდის ავლას წარმოადგენს. არც ფიზიკურ და არც იურიდიულ პირებს პარტიებისთვის ლიმიტით დადგენილ თანხაზე მეტის შეწირვის უფლება არ აქვთ, თუმცა კანონმდებლობა კომერციული ბანკებიდან სესხად გაცემული სესხების ნაკადებს არ არეგულირებს. შესაბამისად დაფინანსების ამ წყაროს გამოყენებით კანონის მოთხოვნათა გვერდის ავლაა შესაძლებელი. 

ქართული ოცნების ფინანსური დეკლარაცია
ფოტო: sao.ge

სესხების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან გახდა ცნობილი. 

კომენტარები