ნარკოპოლიტიკა

საკონსტიტუციომ მარიხუანის განმეორებით მოხმარებაზე თავისუფლების აღკვეთა გააუქმა

საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის განმეორებით მოხმარების გამო სასჯელად თავისუფლების აღკვეთა გააუქმა. კერძოდ, არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა ამავე ბრალდებით ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ნასამართლევი პირის მიმართ.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში წერია, უზენაესმა სასამართლომ მას რამდენიმე კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა და მოითხოვა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით სსკ 273-ე მუხლის იმ წესის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობის მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმა შეიცავს იმავე შინაარსს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ადრე უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, სასამართლოს, საქმის არსებითი განხილვის გარეშე, გამოაქვს განჩინება სადავო აქტის ძალდაკარგულად ცნობის თაობაზე.

საკონსტიტუციო სასამართლომ გაიხსენა 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე "ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" - "სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სსკ 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ის წესი, რომელიც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნისთვის უკანონო შეძენა-შენახვის გამო. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე დაადგინა, რომ უმიზნო და გაუმართლებელია თავისუფლების აღკვეთა პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობას შეიძლება, აყენებდეს ზიანს და როდესაც არ არსებობს პირის მიერ სხვებისთვის ზიანის მიყენების საფრთხე. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციურია".

კონსტიტუციურ წარდგინებებთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა, ძველი გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, თუმცა, ამჯერად, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უშუალო მოხმარებისთვის.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე "ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შენახვისათვის. სასამართლომ დაადგინა, რომ პირადი მოხმარების მიზნით ამ რაოდენობით მარიხუანის შენახვა თავისთავად მიუთითებს მისი განმეორებით, ან თუნდაც რუტინულად მოხმარების რეალურობაზე და ამ პირობებშიც უკვე დადგენილია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაჰუმანური ხასიათი. 

"მარიხუანის განმეორებით ან არაერთგზის მოხმარება არ წარმოადგენს იმაზე მეტი საფრთხის შემცველ ქმედებას, ვიდრე მისი 70 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შენახვა. სასჯელი, რომელიც არაპროპორციულად იქნა მიჩნეული ამ უკანასკნელი ქმედებისთვის, ასევე არაპროპორციული იქნება მარიხუანის განმეორებით მოხმარებისთვის. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება არ საჭიროებს პროპორციულობის არსებითი განხილვის ფორმატში ხელახალ შეფასებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა მიჩნეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად და ძალადაკარგულად იქნა ცნობილი", - დაადგინა სასამართლომ.

კომენტარები