რუსული ავტომობილები

2012 წლიდან, სახელმწიფო უწყებებმა 900 ათასი ლარის რუსული ავტომობილები შეიძინეს

სტუდია მონიტორის ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე, სახელმწიფო უწყებებმა მხოლოდ ერთი მიმწოდებლისგან 900 ათასი ლარის ღირებულების რუსული წარმოების ავტომობილი შეიძინეს. მონიტორის ცნობით, უახლესი ფაქტი ეროვნულ სატყეო სააგენტოს ეხება, რომელმაც 12 ახალი ნივა შეიძინა. თითოეული ავტომობილის ღირებულება 19 600 ლარია. სატენდერო წინადადებაში შესაძენი ავტომობილის ის პარამეტრები იყო შეყვანილი, რომელსაც მხოლოდ ნივა აკმაყოფილებს. 

"ეს ტენდერში სხვა ბრენდის მონაწილეობას გამორიცხავდა", - ნათქვამია საგამოძიებო ფილმში.

ეროვნული სატყეო სააგენტოს დირექტორი თორნიკე გვაზავა მონიტორთან ინტერვიუში ადასტურებს, რომ მათ სატენდერო დოკუმენტაციაში სპეციალურად მიუთითეს ნივის მონაცემები. გვაზავას თქმით, სააგენტოს სწორედ ამ ავტომობილის შეძენა სურდა.

"წინასწარ გვქონდა გადაწყვეტილი, რადგან არსებული ავტომობილების შენახვა ძვირი გვიჯდება. ჩვენ გვიწევს ტყეში 50 კილომეტრზე მეტი სიარული და აპრობირებულია, ნივა უფრო დადის, ასე ვთქვათ", - ამბობს გვაზავა.

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის მიხედვით, ტენდერის კონკრეტულ მოდელზე მორგება აკრძალულია. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონით, "კონკრეტული სპეციფიკიები არ უნდა იყოს მორგებული ერთი რომელიმე ბრენდის ან მოდელის პროდუქტზე". 

სატყეო სააგენტოს ნივები კომპანია "გლობალ მოტორს ჯორჯია-ჯიემჯიმ" უნდა მიაწოდოს. სწორედ ამ კომპანიისგან მიიღეს სახელმწიფო უწყებებმა 900 ათასი ლარის ღირებულების რუსული ავტომობილები 2012 წლიდან.

კომენტარები