ვიზალიბერალიზაცია

Coreper-მა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა

Getty Images

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (Coreper) საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა.

როგორც ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა საკითხს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე მოლაპარაკებები ევროკავშირის საბჭოში გაგრძელდეს. კომიტეტმა ასევე, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას მიანიჭა მანდატი ევროპარლამენტთან და ევროკომისიასთან მოლაპარაკების გასამართად ევროკავშირის შესაბამის რეგულაციაში ცვლილების საბოლოო ტექსტის შეთანხმების მიზნით.

მანდატის საფუძველზე, სლოვაკეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ევროპარლამენტთან მოლაპარაკებას დაიწყებს.

სლოვაკეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში, პიტერ იავორჩიკმა განაცხადა, რომ დღეს საბჭომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მყარი ვალდებულება, საქართველოში გატარებული რეფორმების გათვალისწინებით წარმოაჩინა.

"ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში გატარებული რეფორმები უნდა წახალისდეს. იმედი გვაქვს, რომ ევროპარლამენტის მხარდაჭერა საბოლოოდ მიმდინარე პროცესს დაუკავშირდება და საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობით რაც შეიძლება მალე ისიამოვნებენ", - აღნიშნა იავორკიჩმა.

ევროკავშირის საბჭომ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბჭოს სახელით შეთანხმდნენ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე. შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ, შენგენის ტერიტორიაზე ვიზის გარეშე გაემგზავრნონ და ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში, 90 დღით გაჩერდნენ. იგივე უფლებით ისარგებლებენ ევროკავშირის მოქალაქეები საქართველოში. მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის წევრები იმედოვნებენ, ევროპარლამენტის მხარდაჭერა პროცესების დასრულებას დააჩქარებს.

ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ძალაში შეკავების მექანიზმის ამოქმედების პარალელურად შევა.

კომენტარები