ვიზალიბერალიზაცია

პრემიერი: არჩევნების წინ ევროკავშირისგან პოზიტიური გზავნილი მივიღეთ

facebook.com/KvirikashviliOfficial

"მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკავშირისგან ჩვენ ვიღებთ ასეთ პოზიტიურ გზავნილს, რაც ნიშნავს ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების და მიღწეული წარმატებების აღიარებას. მინდა მივულოცო ჩვენს ქვეყანას, ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება და აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე", - საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (Coreper) საქართველოს ვიზალიბერალიზაციისთვის მხარდაჭერის ფაქტს გამოეხმაურა.

"დღეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის შედგა საბოლოო პოლიტიკური შეთანხმება, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მინიჭების თაობაზე. ევროკავშირის ინსტიტუციებისა და წევრი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, წარმოადგენს ჩვენი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების და განხორციელებული რეფორმების აღიარებას. 

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და ჩვენი ქვეყნის მეგობრებს, რომელთაც ძალისხმევა არ დაიშურეს, რათა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ ყოფილიყო აღიარებული. მსურს, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ეს მნიშვნელოვანი მიღწევა. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო იმ ინსტიტუტებს და საჯარო მოხელეებს, რომლებმაც ძალიან დიდი შრომა გასწიეს, ბოლო წლების განმავლობაში, ევროკავშირთან საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მისაღებად.

ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ მიუხედავად დესტრუქციული ქმედებების მრავალი მცდელობისა, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას და გარდაუვალ წარმატებას, როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის საკითხებში", - აცხადებს პრემიერი.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (Coreper) დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა საკითხს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე მოლაპარაკებები ევროკავშირის საბჭოში გაგრძელდეს. კომიტეტმა ასევე, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას მიანიჭა მანდატი ევროპარლამენტთან და ევროკომისიასთან მოლაპარაკების გასამართად ევროკავშირის შესაბამის რეგულაციაში ცვლილების საბოლოო ტექსტის შეთანხმების მიზნით. მანდატის საფუძველზე, სლოვაკეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ევროპარლამენტთან მოლაპარაკებას დაიწყებს.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბჭოს სახელით შეთანხმდნენ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე. შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ, შენგენის ტერიტორიაზე ვიზის გარეშე გაემგზავრონ და ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში, 90 დღით გაჩერდნენ. იმავე უფლებით ისარგებლებენ ევროკავშირის მოქალაქეები საქართველოში. მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის წევრები იმედოვნებენ, რომ ევროპარლამენტის მხარდაჭერა პროცესების დასრულებას დააჩქარებს.

ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ძალაში შეკავების მექანიზმის ამოქმედების პარალელურად შევა.

კომენტარები