ბლოგი

რას ვირჩევთ?

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ხვალ საპარლამენტო არჩევნებია.

მოქალაქეთა ნაწილს ჯერაც არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას ან საერთოდ წავა თუ არა არჩევნებზე. არიან ისეთებიც, ვინც, პოლიტიკური ძალების მიმართ ზოგადი იმედგაცრუების ფონზე, წასვლას და ყველას გადახაზვას აპირებენ.

სიტუაციას უსასრულო საინფორმაციო ნაკადიც ამძიმებს - ადვილია, დავიბნეთ ზღაპრებში, მოწოდებებში, პროპაგანდაში, დაპირებებსა თუ წინასაარჩევნო სადღეგრძელოებში, რომლებმაც ყველა ეთერი შეავსო.

თუმცა, ორი რამ უნდა გავითვალისწინოთ:

პირველი - ჩვენი აპათია აწყობს რუსეთს. უენერგიო საქართველო ადვილად დასამორჩილებელი საქართველოა. არ გვაქვს აპათიაში ყოფნის ფუფუნება.

და მეორე - მთავრობის არყოლა არჩევანი არაა. მთავრობა მაინც გვეყოლება. უბრალოდ, არჩევნებზე არწასვლით ან ყველას გადახაზვით, უარს ვამბობთ მის ფორმირებაში მონაწილეობის მიღებასა და საკუთარი მომავლის განსაზღვრაზე.

ამიტომ, მოდით, მაქსიმალურად გავამარტივოთ ყველაფერი და შევეცადოთ, დავინახოთ „დიდი სურათი“.

მაშ, ასე - რას ვირჩევთ?

8 ოქტომბერს ჩვენ ვირჩევთ საღ აზრსა და უგნურებას შორის (გახსოვსთ? - ღარიბაშვილის „პირდაპირი მნიშვნელობით დანგრეული ქვეყანა ჩავიბარეთ“, კალაძის „უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო“, კვირიკაშვილის „ქვეყანა ათწლეულებით უკან დახიეს“).

განათლებასა და უმეცრებას შორის (კვაჭი და ყვარყვარე, ნიცშე და ჯავახიშვილი, „ზაპახ ჟენშინი“ და „კავკასსკაია პლენნიცა“, „აfშორი“ და „კოლოფსი“, 4 დღეში ნასწავლი სიტყვა „გენდერი“, მრავალგზის დაანონსებული წიგნი ბავშვის აღზრდაზე დაბოლოს, მის მიერ დანახული „თვითგადარჩენის ინსტინქტის მოქმედების მექანიზმი, მისი სტრუქტურა“).

ჩვენ ვირჩევთ რაციონალურ აზროვნებასა და კონსპირაციების გამაოგნებელ თეორიებს შორის („სანდრა ორგანოებით ვაჭრობდა“, „თარგამაძემ თავია იფეთქა“,„ჟვანია მიშამ მოკლა საფერფლით,“, „კიწმარიშვილმა თავი მოიკლა“, „რაფალიანცის ქვევრში ჩახრჩობა ნაციონალებსაც აწყობდათ“).

ჩვენ ვირჩევთ კრიმინალის მიმართ ადეკვატურობასა და გაგებით მოკიდებას შორის („იქნებ შეაგინა?“, „ძალადობას არ ვამართლებ, მაგრამ დემაგოგიას ვერ ავიტან!“); ამასთან, „გაგებით მოკიდება“ ყოველთვის უბრალო, კანონმორჩილი ადამიანების ხარჯზე ხდება.

ვირჩევთ პოლიციის „მხარეზე“ მყოფებსა და ქურდების „მხარეზე“ მყოფებს შორის, ანუ იმ ადამიანებს შორის, ვინც თვითიდენტიფიკაციას სამართალდამცავებთან ახდენს და იმათ შორის, ვინც სამყაროს დამნაშავის პოზიციიდან უყურებს.

ვირჩევთ ეროვნულ ღირსებასა და პრაგმატიზმად შემოსაღებულ კოლაბორაციონიზმს შორის („ომი საქართველომ დაიწყო“, „სოჭში წასვლით რუსეთთან დავალაგებთ“, „ივანიშვილი ქვეყანას არ მართავს“, „პუტინი ადამიანია, როგორ შეიძლება პუტინი მტერი იყოს?“, „მავთულხლართები ოლიმპიადისთვის სჭირდებათ“, „მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობა რუსეთის სტრატეგია არაა“).

ვირჩევთ კომპეტენტურობასა და კომიკურ, უმწეო უუნარობას შორის (დავით ნარმანია, როგორც ასეთი, შეცდომით სხვა ხიდის აფეთქება, ზარზეიმით გახსნილი მეტრნახევრიანი პანდუსი სახელმწიფო კანცელარიასთან, წყლის შადრევანზე მიერთებული ბუნებრივი გაზის მილი, სავიზო ანტირეფორმა, ბუსუსებიანი პრეზერვატივებისა და მეხრეების კანონი...);

ჩვენ ვირჩევთ იუსტიციის სახლების მშენებელ ძალასა და იმ ძალას შორის, რომელმაც აი-დი ბარათებში მხეცის ნიშნის აღმოსაჩენად სახელმწიფო კომისია შექმნა და რამდენიმე თვე ამუშავა.

იმ ძალას, ვისი მმართველობის დროსაც ლარი ყოველწლიურად მყარდებოდა და იმათ შორის, ვისი მმართველობის დროსაც ლარი ყოველწლიურად უფასურდება.

იმ ძალას, რომლის დროსაც პენსია ყოველ წელს იზრდებოდა და იმას შორის, რომელმაც 4 წელიწადში პენსია 2-ჯერ გაზარდა (მეორედ - არჩევნებამდე 2 თვით ადრე, თანაც ისე, რომ ლარის გაუფასურებამ ეს „ზრდა“ სრულად გაანულა).

იმ ძალას, ვის დროსაც ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები ყოველწლიურად იზრდებოდა და იმ ძალას შორის, ვის პირობებშიც რეზერვები ყოველწლიურად მცირდება (მხოლოდ ბოლო 1 თვეში 120 მილიონი დოლარი(!) - ჩვენი ფული - გავისროლეთ ჰაერში ლარის კურსის დროებით შესაკავებლად და „ოცნების“ სახის შესანარჩუნებლად).

ჩვენ ვირჩევთ პრაგმატიზმსა და ბოღმას შორის („არაფერიც არ გამიკეთა ოცნებამ, მაგრამ ხმას მაინც მივცემ, ოღონდ „ისინი“ არ დაბრუნდნენ და შემდეგი 4 წელიც სააკაშვილის დაჭერის პერსპექტივით და ჟვანიას საქმის გახსნის მოახლოებით მაიმედებდნენ“).

ჩვენ ვირჩევთ თანამედროვე აზროვნებასა და ირაციონალურ შიშებს შორის („გვაპიდარასტებენ“, „ჩინელები შემოყავთ“, „ვირუსებს ავრცელებენ“).

ჩვენ ვირჩევთ „ინგლისურისა და კომპიუტერის“ მცოდნეებსა და კოლექტიურ ეკაბესელიას შორის.

ჩვენ ვირჩევთ რუსი ჯაშუშების გამანეიტრალებლებსა და რუსი ჯაშუშებისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მიმნიჭებლებს შორის.

იმ ძალას, რომელსაც დიდი პრობლემა ჰქონდა სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით და იმ ძალას შორის, რომელმაც ოდიოზური სასამართლოს ყველა ავტორი საკუთარ სამსახურში ჩაიყენა, სასამართლოში არსებულ პრობლემებს კი კორუფია დაუმატა.

ჩვენ ვირჩევთ იმ ძალას, რომელმაც ხელისუფლება ორგანიზებულად გადააბარა ყოფილ ოპოზიციას და იმ ძალას შორის, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლიდან 4 წლის თავზე მენტალურად მაინც ოპოზიციაში რჩება.

იმ ძალას, რომელმაც წააგო, რადგან ჰყავდა ბედუკაძე და იმ ძალას შორის, რომელიც ამაყობს, რომ ჰყავს ბედუკაძე.

ჩვენ ვირჩევთ იმას, თუ რომელი ძალა გვინდა ხელისუფლებაში - ის, რომელმაც ააშენა ბათუმი, მესტია, სიღნაღი, მცხეთა, რაბათი, ანაკლია და ქუთაისის აეროპორტი თუ ის, რომელიც გვარწმუნებს, რომ უკვე ააგუგუნა 100 ახალი ქარხანა, შეასრულა „უფასო ფულის“ დაპირება და ეტაპობრივად ააგუგუნებს 40 ახალ ტუალეტს.

ვირჩევთ, ვინ გვინდა - ის, ვის დროსაც ეკონომიკა საშუალოდ 7%-ით იზრდებოდა (ომის, ენერგეტიკული ბლოკადის, სავაჭრო ემბარგოსა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად) თუ ის, ვის პირობებშიც 3%-იან ზრდას ძლივს ვაღწევთ (მიუხედავად რუსეთის სანუკვარი ბაზრის გახსნისა).

იმ ძალას შორის, რომელმაც იცის, რა გააკეთოს, რომ უკეთ ვიცხოვროთ და იმათ შორის, ვისაც მომავალზე არაფერი აქვს სათქმელი, რადგან ხვდება, რომ მისი ნებისმიერი დაპირება კომიკური და შეურაცხმყოფელია ხალხისთვის და, ამიტომ, მხოლოდ სადღეგრძელოებით გველაპარაკება; თან გვარწმუნებს, რომ ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ ამის დანახვისა და გაანალიზების უნარი არ გვაქვს. და რომ, თუ ყველაფერი ასევე კარგად იქნა, 2030, 2040 ან, ყველაზე გვიან, 2050 წელს აუცილებლად შევნიშნავთ ევროპასთან ცხოვრების დონის მიახლოების პროცესის დასაწყისის უტყუარი ნიშნების გამოჩენის ტენდენციას.

ეს სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, მაგრამ დასაზარია. ახლა უბრალოდ უნდა გადავწყვიტოთ, ხვალ ვიღაცის ჯინაზე საკუთარ თავს ვავნებთ თუ არჩევნებზე საკუთარი თავის „ხათრითა“ და საკუთარი მომავლის განსასაზღვრად წავალთ.

ვიცი, რომ სუბიექტური ვარ - როგორც ყველა ადამიანი - მაგრამ, მე რომ მკითხოთ, ოდნავი თავმოყვარეობის, კეთილსინდისიერებისა და მაღალი ორნიშნა IQ-ს პირობებში, ხვალინდელ არჩევნებს ინტრიგაც კი არ უნდა ახლდეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები