გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

ბოკერია: სამართალდამცავებმა ამ საქმის დაკვეთის გარეშე გამოძიება უნდა შეძლონ

ტაბულა

"მინდა გითხრათ, რომ ეს კლოუნადა, რასაც ჩვენ ზოგადად ვხედავთ, ძალიან მალე დამთავრდება არჩევნების გზით და ამის შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებს უნდა მიეცეთ საშუალება, პოლიტიკური დაკვეთისა და ამ სამარცხვინო, უტიფარი პიარის გარეშე გამოიძიონ ეს ძალიან მძიმე და ჩვენი საზოგადოებისთვის საშიში დანაშაული", - ასე გამოეხმაურა ენმ-ის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია შსს-ის განცხადებას იმის შესახებ, რომ გივი თარგამაძის აფეთქების საქმე გახსნილია.

"იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ახლა გვაქვს, დასკვნის გამოტანა შეუძლებელია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პროსამთავრობო ტელევიზიის ჟურნალისტი დაჟინებით მოითხოვდა რესპონდენტებისგან ეთქვათ, თითქოს ეჭვმიტანილი უკრაინიდანაა ან რაიმე კავშირი აქვს, თუმცა ამას არავინ ამბობდა. ყველამ ვიცით, რომ პირველივე დღიდან, ჯერ გამოძიებაც რომ არ იყო დაწყებული, კვირიკაშვილმა, ე.წ პრემიერმა უცხო ქვეყნის მოქალაქისკენ გააკეთა მინიშნება. მინდა გითხრათ, რომ ეს კლოუნადა, რასაც ჩვენ ზოგადად ვხედავთ, ძალიან მალე დამთავრდება არჩევნების გზით და ამის შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებს უნდა მიეცეთ საშუალება, პოლიტიკური დაკვეთისა და ამ სამარცხვინო, უტიფარი პიარის გარეშე გამოიძიონ ეს ძალიან მძიმე და ჩვენი საზოგადოებისთვის საშიში დანაშაული, რომლის მსგავსიც წლებია არ მომხდარა საქართველოში. პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანაში ასეთი რაღაცები ხდება, ავტომატურად ეკისრება ხელისუფლებას", - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ გივი თარგამაძის აფეთქების საქმესთან დაკავშირებით სპეცოპერაცია ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შსს-ის ინფორმაციით, თარგამაძის აფეთქებაში ძალოვანი უწყების ყოფილი წარმომადგენელი დავით ხეჩუაშვილი ფიგურირებს. სპეცდანიშნულების რაზმებმა მისი ბინა გაჩხრიკეს.

კომენტარები