არჩევნები 2016

შსს: ენმ-ის და ბურჭულაძის მომხრეები უბანზე შეიჭრნენ და ყუთის გატაცება სცადეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრო მარნეულში უბნის დარბევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ვერსიით, სოფელ ყიზილ-აჯლოში პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ბლოკი პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის მომხრეები 48-ე საარჩევნო უბანზე შეჭრას და საარჩევნო ყუთის გატაცებას შეეცადნენ.

"ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც აღნიშნული პარტიების მხარდამჭერები განსაკუთრებით აგრესიულები გახდნენ და პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა. საარჩევნო ყუთის გატაცება თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს", - წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება, ადგილზე მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, თავი შეიკავოს აგრესიული ქმედებებისგან. "ყველა იმ აქტივისტის მიმართ, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა ენმ-ის წევრმა გიორგი ტუღუშმა და დაპირისპირებაში პარტიის მომხრეებისა თუ აქტივისტების მონაწილეობა გამორიცხა. პაატა ბურჭულაძის ბლოკის წევრმა დავით ჯანდიერმა კი არჩევნების გაყალბებაზე მიუთითა. ორივე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

კომენტარები