საარჩევნო სისტემა

დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ მაჟორიტარული სისტემა არც 2020 წლისთვის გაუქმდება

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/parliamentgeo

პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ ქართული ოცნების უმრავლესობა არ დაუჭერს მხარს საარჩევნო კოდექსისა და კონტიტუციის ცვლილებას, რათა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა შეიცვალოს. უსუფაშვილის შეფასებით, 8 ოქტომბრის არჩევნებში რეალური უპირატესობის მოპოვება ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარული ოლქების მეშვეობით შეძლო, ასეთ უპირატესობაზე კი მმართველო პარტია ვერც 2020 წლის არჩევნებზე იტყვის უარს. 

"ყველა პარტიამ კარგად იცის, რომ სახელისუფლებო პარტიისთვის შერეული საარჩევნო სისტემა იძლევა გაცილებით უკეთეს შედეგს, ვიდრე ოპოზიციური პარტიისთვის. იქამდე, ვიდრე სახელისუფლებო პარტიას მთლად არ შემოადნება ყველა შესაძლო ნდობა და ავტორიტეტი და ა.შ. ასე დაემართა ედუარდ შევარდნაძეს, მანამდე ეს სისტემა მშვენივრად მუშაობდა მათთვის, "მოქალაქეთა კავშირისთვის", ბოლომდე როცა გაკოტრდა, მაშინ მშვენივრად ისარგებლა ოპოზიციამ ამ სისტემით და ვარდების რევოლუციის დროს სერიოზული შედეგი აჩვენა.

იგივე დაემართა სააკაშვილს, სანამ ყოჩაღად იყო ცხენზე შემჯდარი, მანამდე ამ სისტემით უზრუნველყო საკონსტიტუციო უმრავლესობა იმ პირობებშიც კი, როცა გავლილი იყო 2007 წლის უბედურებები, მაინც მოახერხა ეს, მაგრამ ეს ვეღარ შეძლო, როცა მას ძალიან გაუჭირდა და როცა ისეთი მეტოქე დაუპირისპირდა, როგორიც იყო ივანიშვილი და უცებ დაკარგა ყველაფერი. ახლა ოცნებას ბუნებრივად განუვითარდა ეს კომპლექსი, ფიქრობენ, ახლა ჩვენ ცხენზე ვსხედვართ, ამ სისტემით ხიფათი კი არ გვემუქრება, არამედ ყველაფერს მოვიგებთ

ამის შემდეგ ჩვენ, პარტიამ დავიწყეთ ძალიან სერიოზული მცდელობები იმისთვის, რომ გაგვეკეთებინა ის, რაც იყო შესაძლებელი. რომ ამ არჩევნებისთვის, შემდგომი პერიოდისთვის დაგვებევებინა სისტემის შეცვლა, ჩვენ ასეთ შეთანხმებას მივაღწიეთ ოცნებასთან, რომ რადგან ასეა, ჩვენ გამოგყვებით იმაში, რომ ეს სისტემა კი არ შეიცვალოს, არამედ გაუმჯობესდეს ოლქების დაბალანსების ამბავი. ამაში მოგვყვებით ბოლომდე, მაგრამ სამაგიეროდ გამოგვყევით იმაზე, რომ ამ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის კონსტიტუციაში ჩავწეროთ პროპორციული არჩევნები. ამაზე ”ქართული ოცნება” და მისი ლიდერები დათანხმდნენ, მაგრამ ვეღარ მოვახერხეთ ოპოზიციის დარწმუნება. ”ნაციონალური მოძრაობა” და ”თავისუფალი დემოკრატები” კი ამბობდნენ, რომ თანახმა იყვნენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, კენჭისყრისთვის არავინ იყო მზად. ეს იყო შეცდომა.

დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, არავითარ შემთხვევაში ეს ხალხი ამ სისტემას არ შეცვლის, მომავალი, ცხვირწინ რომ არჩევნებია იმისთვის, იმიტომ, რომ აგერ ახლა წარმატებას მიაღწიეს და როგორ გგონიათ, მაჟორიტარები თითს მიაჭერენ ღილაკს, რომ აღარ უნდათ იმ ოლქში არჩევა?"- მეორე არხის ეთერში ამბობს უსუფაშვილი.

ის რაზეც უსუფაშვილი საუბრობდა რესპუბლიკური პარტიის მიერ შემუშავებული ე.წ. "გერმანული მოდელი" იყო, რა ცვლილების შეტანაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 5-6 თვით ადრე იგეგმებოდა. "გერმანული მოდელის" ჩავარდნას უსუფაშვილი ოპოზიციას უკავშირებს და ამბობს, რომ ამ ინიციატივას მხარი ენმ-მა და თავდემებმა არ დაუჭრიეს, ქართული ოცნება კი მის მისაღებად მზადყოფნას გამოთქვამდა, თუმცა სინამდვილეში ეს ასე არ ყოფილა, რადგანაც ქართული ოცნების ლიდერები მედიასთან აცხადებდნენ, რომ რესპუბლიკელების ე.წ. "გერმანული მოდელი" კონსტიტუციასთან მოდიოდა წინააღმდეგობაში. ამავე პერიოდში ქართული ოცნება "მაჟორიტარული" სისტემის 2020 წლისთვის გაუქმებას აანონსებდა.

საქართველოში მოქმედი საარჩევნო სისტემით პარლამენტის 150 დეპუტატიდან 77 პროპორციული, 73 კი ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებიდან აირჩევიან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები