საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სასამართლოს თავმჯდომარეს დღეს აირჩევს

საკონსტიტუციო სასამართლოს განახლებული პლენუმი სასამართლოს თავმჯდომარეს დღეს, 20 ოქტომბერს აირჩევს. საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, სხდომა 16:00-ზეა ჩანიშნული.

ამასთან, 13 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მოსამართლეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად ზაზა თავაძე და ირინე იმერლიშვილი დაასახელეს. ირინე იმერლიშვილი მაია კოპალეიშვილმა და გიორგი კვერენჩხილაძემ წარადგინეს. ხოლო ვინ დაასახელა ზაზა თავაძის კანდიდატურა, უცნობია.

"წარვადგინე ქალბატონი ირინე იმერლიშვილის კანდიდატურა. დანარჩენი მოსამართლეები თვითონ არიან უფლებამოსილი, რომ საკუთარ კანდიდატზე თვითონ ისაუბრონ. ეს დასახელება არ მომხდარა პლენუმის მუშაობის ფორმატში. წარდგინებები მოსამართლეებმა ცალ-ცალკე დავაყენეთ", - ამბობს მაია კოპალეიშვილი

კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს სულ ცოტა 3 წევრს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები არჩეულად ჩაითვლებიან, თუ ფარული კენჭისყრის დროს თითოეულ მათგანს მხარს დაუჭერს საკონსტიტიციო სასამართლოს არანაკლებ 5 წევრი.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს 8 მოსამართლე ჰყავს, რადგან პარლამენტის კვოტით დასანიშნი მოსამართლე ახალი მოწვევის პარლამენტმა უნდა აირჩიოს. იმ შემთხვევაში, თუკი 8 მოსამართლის ხმა თანაბრად გადანაწილდება, თავმჯდომარის მოვალეობას პლენუმის მეცხრე წევრის არჩევამდე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა თავაძე შეასრულებს.

გიორგი პაპუაშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება 30 სექტემბერს შეუწყდა.

კომენტარები