არჩევნები 2016

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია თეთრიწყაროში არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია თეთრიწყაროში არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. მათი თქმით, თეთრიწყაროს 32-ე ოლქში არჩევნების პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა, რაც მიღებულ შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს. საუბარია ხმის მიცემის პროცესის ფარულობის დარღვევასა და საარჩევნო უბნებზე ქართული ოცნების სასარგებლოდ აგიტაციაზე, ასევე, ქართული ოცნების კოორდინატორების მხირდან ხმის მიცემის პროცესში ჩარევასა და ათასზე მეტი ბიულეტენის უსაფუძვლოდ გაბათილებაზე.

ორგანიზაციების წევრებმა დღეს კონკრეტული ფაქტების დამადასტურებელი ვიდეომასალაც წარადგინეს. მათი თქმით, დარღვევებთან დაკავშირებით საუბნო და საოლქო კომისიებს არაერთი საჩივრით მიმართეს, რომლებიც საერთოდ არ განხილულა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს დარღვევების გასაჩივრებისთვის ორდღიანი ვადა ჰქონდათ, თუმცა ცესკოსთვის არცერთ მათგანს არ მიუმართავს. პრესსპიკერის თქმით, გავრცლებული ჩანაწერის მიხედვით ხმის მიცემის ფარულობა ნამდვილად დარღვეულია, თუმცა გასაჩივრების ვადის ამოწურვის გამო ცესკოს რეაგირების მოხდენის ბერკეტი არ აქვს.

მიქელაძის კომენტარს მალევე გამოეხმაურა სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც ამბობს, რომ დღეს გამოქვეყნებული დარღვევების შესახებ საჩივარი რვა ოქტომბერს დაწერა. მან ამის დამადასტურებლად დოკუმენტებიც წარმოადგინა. არასამთავრობო ორგანიზაციები დარღვევების გასაჩივრებას და დიპლომატიური კორპუსისთვის წარდგენას გეგმავენ.

დღესვე ლევან ვარშალომიძემ აჭარაში, 46-ე უბანზე მომხდარი დარღვევის ამსახველი ვიდეო გაავრცელა. მისი თქმით, კადრებში ჩანს თუ როგორ ხაზავს კომისიის წევრი ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში ყრის.

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები