არჩევნები 2016

NDI არჩევნებზე: რიგმა პრობლემებმა შესაძლოა, მთავრობის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენოს

0 კომენტარი
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) შეფასებით, 8 ოქტომბრის არჩევნებმა და არჩევნების შემდგომმა პერიოდმა რიგი პრობლემები გამოავლინა, რამაც სპეკულაციას, გაუგებრობასა და უნდობლობას შეუწყო ხელი. როგორც დოკუმენტში წერია, "ამ საკითხების რეაგირების გარეშე დატოვებამ შესაძლოა მომავალი არჩევნები, ასევე მომავალი პარლამენტისა და მთავრობის მანდატის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენოს". NDI-მ განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის წინ რეკომენდაციები გამოაქვეყნა. 
 

"8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების უმრავლესობას ჰქონდა საშუალება, თავისუფლად მიეცა ხმა და არჩევნების შედეგები მათ ნებას ასახავს, თუმცა არჩევნებმა და არჩევნების შემდგომმა პერიოდმა რიგი პრობლემები გამოავლინა, რამაც სპეკულაციას, გაუგებრობასა და უნდობლობას შეუწყო ხელი. ამ საკითხების რეაგირების გარეშე დატოვებამ შესაძლოა მომავალი არჩევნები, ასევე მომავალი პარლამენტისა და მთავრობის მანდატის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენოს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ოთხი განმეორებითი კენჭისყრისთვის (22 ოქტომბერს) და ასევე 50 ოლქში მეორე ტურისთვის (30 ოქტომბერს) ემზადება, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ, საარჩევნო ადმინისტრაციამ, სამართალდამცავმა ორგანოებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ საკუთარი უფლებამოსილებები და რესურსები ამ პრობლემების მოსაგვარებლად გააერთიანონ", - აცხადებს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი და მოუწოდებს ყველა ჩართულ მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან.

"ასევე უნდა მოხდეს ყველა დამნაშავის მიმართ სწრაფი და კანონის შესაბამისი რეაგირება. არჩევნებში ძალადობის ადგილი არ არის. დამკვირვებლებმა უნდა შეძლონ საკუთარი მოვალეობის შესრულება მშვიდ და თავისუფალ გარემოში. NDI მხარს უჭერს საარჩევნო საჩივრების განხილვის სწრაფ პროცესს, რომელიც კანონის თანმიმდევრული და შესაბამისი გამოყენების გზით წარიმართება. NDI მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო), საკუთარი საქმიანობა მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართოს და საზოგადოებას უფრო დეტალურად აუხსნას საკუთარი გადაწყვეტილებები და მოქმედებები. ცესკომ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის მოთხოვნებს მომზადებულები შეხვდნენ", - ნათქვამია დოკუმენტში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები