განმეორებითი არჩევნები

ზუგდიდის და მარნეულის ოთხ საარჩევნო უბანზე განმეორებითი არჩევნები ტარდება

facebook.com/CentralElectionCommissionOfGeorgia

დარბევის და დაპირისპირების გამო ჩაშლილ უბნებში განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ცესკოს ინფორმაციით, კენჭისყრა მარნეულის ერთ და ზუგდიდის სამ უბანში ტარდება.

ზუგდიდში ძირითადი კონკურენტები არიან სანდრა რულოვსი (ენმ) და ედიშერ თოლორაია (ქართული ოცნება). მარნეულში კი, აჰმედ იმამკულიევი (ენმ) და თამაზ ნავერიანი (ქართული ოცნება).

„განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება ოთხ საარჩევნო უბანზე. ზუგდიდში ორ სოფელში ტარდება არჩევნები. განმუხურის სოფელში არის ერთი საარჩევნო უბანი, ხოლო ორი საარჩევნო უბანი განთავსებულია სოფელ ჯიხაშკარში. რაც შეეხება მარნეულს, იქ ერთი საარჩევნო უბანი არის განთავსებული სოფელ ყიზილაჯლოში, ეს არის 48-ე საარჩევნო უბანი, სადაც ის ცნობილი პროცესები განვითარდა," - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ განმეორებით კენჭისყრაზე მიღებული შედეგები არჩევნებში გამარჯვებულს პირველივე ტურში გამოავლენს, მეორე ტური ზუგდიდის და მარნეულის ოლქებში აღარ გაიმართება.

ამასთან, ზუგდიდის სამივე საარჩევნო უბანზე, მაჟორიტარული არჩევნების გარდა, დღეს განმეორებითი კენჭისყრაც ტარდება გამგებლის არჩევნებთან დაკავშირებითაც. ერთმანეთს ამ შემთხვევაშიც, ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების კანდიდატები უპირისპირდებიან.

კომენტარები