ვიზალიბერალიზაცია

LIBE: საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი აღარ უნდა გადაიდოს

0 კომენტარი

ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ, "შემდგომი გადავადების გარეშე" დაიწყოს.

ოფიციალურ წერილში, რომელიც ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა (LIBE) ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, სლოვაკეთს გაუგზავნა, აღნიშნულია, რომ დეპუტატები ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებენ, სამმხრივი მოლაპარაკებები "რაც შეიძლება სწრაფად, ნოემბრის დასაწყისში დაიწყოს".

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესის გადავადების რეალური მიზეზი არ არსებობს, რადგან ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო თანხმდება, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა. ამას ადასტურებს ევროკომისიაც.

ევროპარლამენტარები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმადაც სამმხრივი მოლაპარაკებები იქამდე არ უნდა დაიწყოს, სანამ ევროპარლამენტთან ე.წ. შეჩერების მექანიზმის შემოღებაზე შეთანხმება არ მოხდება.

LIBE-ს კომიტეტის თავმჯდომარე კლოდ მორესი და მომხსენებელი მარია გაბრიელი, თავიანთ მიმართვაში აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის მთავარი პრინციპების მიხედვით, თუ ქვეყანა აკმაყოფილებს ყველა შესაბამის კრიტერიუმს, მან უნდა მიიღოს ვიზალიბერალიზაცია. მათი თქმით, საქართველოს შემთხვევა სწორედ ასეთია. მარია გაბრიელი ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა საკუთარი დაპირებები უნდა შეასრულოს.

მარია გაბრიელის თქმით, აღნიშნული საკითხი შემდგომში აღარ უნდა გადავადდეს. მისივე თქმით, ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორობისა და აღმოსავლეთ პარტიორობის კონტექსტში ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის კონკრეტულ მიღწევას წარმოადგენს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები