საარჩევნო ინციდენტი

შს მინისტრის მოადგილე: ახალციხის ინციდენტის გამოძიებას დიდ ყურადღებას მივაქცევთ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის თქმით, უწყება ახალციხეში მომხდარი ინციდენტის გამოძიებას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს. მისივე განმარტებით, დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე, გამოძიება დაწყებულია 178-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძარცვას გულისხმობს.

"დაზარალებულმა წუხელ მისცა ჩვენება. ყველა დაიკითხება. მინიმუმ, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ უნდა დაკითხოს. მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, დღეს დილას დაგეგმილი იყო შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომ ენახათ, სად მოხდა, ადგილზე რამე კვალი თუ არის. ამ გამოძიებას ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ", - განაცხადა ხუციშვილმა.

ახალციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, წუხელ ღამით, ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკოლოზ ხიზაძე დაკითხეს. მისი თქმით, პოლიციის განყოფილებაში კითხვები ძარცვის მუხლით დაწყებულ საქმესთან დაკავშირებით დაუსვეს. 

"ფაქტი რაც იყო, დეტალურად აღვწერე და მოვყევი. ძირითადად კითხვები შეეხო, თუ ვინ იყვნენ ადგილზე, ვინ მომაყენა შეურაცხყოფა. კამერა არ მინახავს და არ ვიცი სადაა", - განაცხადა ხიზაძემ, რომელიც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს და მის თანმხლებ პირებს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.

კერძოდ, ენმ-ის წევრის თქმით, სოფელ მუსხში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წინასაარჩვნო შეხვედრის გადასაღებად მიდიოდა, რა დროსაც გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძის მანქანით გზა გადაუღობეს. მისი მტკიცებით, ამის შემდეგ, ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა გია ბალიაშვილმა სცემა, კამერა წაართვა და ტერიტორია გუბერნატორთან და სხვა პირებთან ერთად დატოვა. 

აღსანიშნავია, რომ გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები