საპარტნიორო ფონდი

მთავრობა საპარტნიორო ფონდის განვითარების კორპორაციად გარდაქმნაზე უარს ამბობს

0 კომენტარი
დავით საგანელიძე ჩინეთში ვიზიტის დროს ფოტო: facebook.com/PartnershipFund

მთავრობის დღის წესრიგში საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაცია აღარ დგას, ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესკონტრაქტთან განაცხადა. ქუმსიშვილის თქმით, საპარტნიორო ფონდი საქართველოს განვითარების კორპორაციად აღარ გარდაიქმნება. ერთადერთი ცვლილება, რაც ფონდის სტრუქტურაში შევა, მის ბაზაზე ექსპორტის დაკრედიტების სააგენტოს ჩამოყალიბება იქნება. 

"საპარტნიორო ფონდის განვითარების კორპორაციად გარდაქმნის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ჩვენ დავამუშავეთ და სრული შიდა შეთანხმება გვაქვს ექსპორტის დაკრედიტების სააგენტოსთან დაკავშირებით. შიდა პროცედურები პრაქტიკულად გავიარეთ, კონცეფცია სრულად შევათანხმეთ, დებულებების ნაწილი დასრულებულია. ახალ პარლამენტში დასჭირდება გარკვეული კანონმდებლობის მიღება და ვფიქრობთ, ამ მიმართულებით განვვითარდებით", - ამბობს ქუმსიშვილი.

საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე დავით საგანელიძე კი ამბობდა, რომ ფონდის სტრუქტურას ცვლილებები ესაჭიროებოდა, რის შედეგადაც ის საბიუჯეტო დაფინანსებაზე უნდა გადასულიყო. საგანელიძემ 2016 წლის 22 ივნისს განაცხადა, რომ KFW-ის მიერ მომზადებული პროექტით, ფონდის მართვაში არსებული მსხვილი საწარმოები ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში უნდა შესულიყვნენ, თავად ფონდი კი საქართველოს განვითარების კორპორაციად უნდა გადაკეთებულიყო.

"შეიცვლება ის, რომ ფონდი იქნება არა იმ ფინანსებზე დამოკიდებული, როგორიც დღესაა, მოგეხსენებათ, დღეს ფონდში შედის რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, დენის ტრანსმისია და ასე შემდეგ, ამ კომპანიების დივიდენდებია საპარტნიორო ფონდის შემოსავალი. ცვლილებების შემდეგ, ეს სტრუქტურები ალბათ იქნება პირდაპირ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ და ფონდს ექნება პირდაპირი დაფინანსება ბიუჯეტიდან და სხვა შემოსავლები, შესაბამისად, მისი სტრუქტურაც იქნება სხვანაირი", - ამბობდა საგანელიძე.

საპარტნიორო ფონდი საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილი უმსხვილესი საინვესტიციო ფონდია, მისი აქტივების ღირებულება ჯამში ხუთ მილიარდ ლარს შეადგენს. საპარტნიორო ფონდი ფინანსურად დამოუკიდებელია და ის რკინიგზიდან და ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან მიღებულ მოგებას საინვესტიციო პროექტებში დებს.

საპარტნიორო ფონდი 2011 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მსხვილი აქტივების მომგებიანი მართვისთვის შეიქმნა, ამ კომპანიების ისევე საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადაყვანა კი, სავარაუდოდ, საპარტნიორო ფონდის აქტივების წამგებიანად მართვის რისკებს ზრდის. 

ფონდის აქტივები ასე გამოიყურება:

  • საქართველოს რკინიგზა - 100% წილი
  • საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია - 100% წილი
  • საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა - 100% წილი
  • ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი - 100% წილი
  • სს თელასი - 24.5% წილი

ფონდის საინვესტიციო საქმიანობა კი ასე გამოიყურება:

  • რუხის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი - ივნესტიცია 15 მილიონი ლარი
  • ლურჯი მოცვის პლანტაცია Vanrik Agro - ინვესტიცია $6.7 მილიონი
  • სამშენებლო მასალის მწარმოებელი ქარხანა Panex - ინვესტიცია $6 მილიონი
  • გარდაბნის თბოელექტროსადგური - ინვესტიცია $220 მილიონი
  • სასტუმრო "რიქსოს ბორჯომი" - ინვესტიცია $48 მილიონი 
  • 150 ნომრიანი სასტუმრო საირმე - ინვესტიცია $10 მილიონი
  • სასტუმრო "ჯინო ველნეს სპა" - ინვესტიცია $5 მილიონი
  • მეცხოველეობის ფერმა "კალანდა" - ინვესტიცია $5 მილიონი

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები