კრიმინალი

76 წლის ქალის მკვლელობის საქმეში პროკურატურა კანიბალიზმზეც საუბრობს

Getty Images

თბილისის საქალაქო სასამართლო დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ მსჯელობს. პროცესი დახურულია, რადგან ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანია.

სასამართლო დღეს ხუთივე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს, მათ შორის სამს ბრალად ედება მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ხოლო ორს დანაშაულის შეუტყობინებლობა. პროკურატურა ყველა მათგანისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ბრალდების მხარე ოფიციალურად საუბრობს სავარაუდო კანიბალიზმის შესახებაც.

"დაკავებულია ხუთი ბრალდებული, სამ მათგანს, მათ შორის ერთ არასრლუწლოვანს ბრალად ედება მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ხოლო ორს ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმეში არის საკმაო ინფორმაციათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს წარდგენილ ბრალდებას. კერძოდ, ესენია მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები, ფარული მიყურადების შედეგად ჩაწერილი ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს კონტროლის ქვეშ განხორციელდა და სასამართლომ ცნო კანონიერად. გარდა ამისა, ასევე არის სხვა ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულთა მიერ მათზე ბრალად წარდგენილ დანაშაულს. ჩვენებებში ასახული ინფორმაციის შედეგად, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავს შევიკავებ საჯაროდ დავასახელო, გარდაცვლილის გარკვეული ორგანოები შეჭამა" - აცხადებს პროკურორი ზვიად ფხაკაძე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლებმა, 19 წლის ირმა ყ, 23 წლის ბექა შ. და 17 წლის ნინა ჭ. დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 4 ნოემბერს დააკავეს. ასევე დაკავებულები არიან 22 წლის ავთანდილ ა. და 23 წლის დათა გ. ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა 19 ოქტომბერს, წინასწარშემუშავებული გეგმის მიხედვით, ერთ-ერთი ბრალდებულის ირმა ყ.-ს დედა, 76 წლის ლუბა ყ. მოკლეს. უწყება აღნიშნავს, რომ "ეს იყო რიტუალური მკვლელობა", თუმცა არ განმარტავს რის საფუძველზე მიიჩნევს ასე.

კომენტარები