ქალთა უფლებები

IWPR: საქართველოში გოგონათა წინდაცვეთის პრაქტიკა გამოვლინდა

IWPR

საერთაშორისო ორგანიზაციამ ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა (IWPR) ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ყვარლის რაიონის სამ სოფელში: თივში, სარუსოსა და ჩანთლისყურში მცხოვრები ავარიელების ეთნიკურ ჯგუფში გოგონების წინდაცვეთის პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია.

IWPR-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებაში ნათქვამია, რომ ავარიელების თემის მშობლიური ეთნიკური ჯგუფი რუსეთის ფედერაციაში შემავალ დაღესტნის რესპუბლიკაში მდებარეობს და ზოგიერთი ავარიელი ყვარლის რაიონში მე-18 საუკუნეში სავაჭრო ურთიერთობების დამყარების შედეგად დამკვიდრდა.

IWPR-ის ინფორმაციით, სარუსოს მკვიდრ გოგოებს წინდაცვეთის პროცედურას ამინა მაგომედოვა უკვე 20 წელიწადზე მეტია სახლის პირობებში უკეთებს, ბიჭები კი, წინდაცვეთისას რაიონულ საავადმყოფოში გადაჰყავთ, სადაც ისინი ქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ არიან. მაგომედოვას თქმით, გოგონებს ამ პროცედურისას სისხლი სდით, მაგრამ ეს ისეთი საშიშია არაა, როგორც ბიჭების შემთხვევაში.

აგვისტოში რუსულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლებრივი ინიციატივა" ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ დაღესტნის რესპუბლიკის ზოგიერთ მაღალმთიან რაიონში მაცხოვრებელი ათობით ათასი ავარიელი გოგო წინდაცვეთის პრაქტიკის მსხვერპლია. ამავე არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი ქალის გენიტალიების დასახიჩრების ოთხი ტიპიდან, დაღესტანში სამი გამოიყენება: კლიტორის გაჭრა და სისხლის გამოშვება, მისი ნაწილის ამოკვეთა, ან მთლიანად კლიტორისა და მცირე სასირცხო ბაგეების ამოკვეთა. სარუსოში კლიტორის გაჭრისა და სისხლის გამოშვების პრაქტიკა გამოიყენება.

IWPR-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებაშია ნათქვამია ისიც, რომ მიუხედავად ამგვარი ტრადიციის არსებობისა, ზოგიერთი ოჯახი ამ ტრადიციაზე უარს ამბობს, რადგან, მათივე მტკიცებით, წინადცვეთის პრაქტიკას ისლამთან არანაირი კავშირი არ აქვს.

საქართველოს მუსლიმი მუფთი იასინ ალიევი, ასევე, აღნიშნავს, რომ ყურანი არაფერს ამბობს ქალების წინდაცვეთაზე.

"ზოგიერთ ქვეყანაში ამას საკუთარ ტრადიციებზე და არა ისლამზე დაყრდნობით აკეთებენ... შესაძლოა, გოგოების წინდაცვეთას რაიმე კავშირი აქვს ავარიელების ადათ-წესებთან, მაშინ ეს სხვა შემთხვევაა...", - ამბობს ალიევი.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის პაატა იმნაძის თქმით, გარდა ფსიქოლოგიური ტრამვისა, ამგვარი პროცედურა დაავადებების მაღალი რისკის მატარებელია.

"თუ პროცედურა სტერილურ გარემოში არ ჩატარდება, ყოველთვის არსებობს სხვადასხვა დაავადებების მაღალი რისკი: ჩირქოვანი ინფექციები, ტეტანუსი, ჰეპატიტი, სისხლის მოწამვლა", - თქვა იმნაძემ.

თავად მაგომედოვეა, რომელიც სასრუსოში ამ პროცედურას ატარებს, ამბობს, რომ ამ რისკების შესახებ საუბარი გადაჭარბებულია, ვინაიდან, მისივე თქმით, ის "ყოველი ოპერაციის წინ ალაჰს შესთხოვს, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და აქამდე არც ერთ გოგოს არ მოსწამვლია სისხლი".

გაერო აცხადებს, რომ ქალის გენიტალიების დასახიჩრება ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის უკიდურესი ფორმაა.

როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმოამდგენლებმა IWPR-ს უთხრეს, ავარიელებში არსებული ამგვარი პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია მათთვის აქამდე არც ერთ არასამთავრობო და უფლებადამცველ ორგანიზაციას არ მიუწოდებია. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის პრესსამსახურის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყანაში მოკვლევა ჩატარდება.

კომენტარები