აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

2012-ში ტრამპი საარჩევნო კოლეგიას აკრიტიკებდა, წელს კი კოლეგიამ გაამარჯვებინა

Reuters

მილიარდერი დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში მეხუთე პრეზიდენტი იქნება, ვინც არა ამომრჩეველთა ხმათა უმრავლესობით, არამედ 538 კაცისგან შემდგარ საარჩევნო კოლეგიაში მოპოვებული ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა. 

არჩევნებში დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა დონალდ ტრამპზე დაახლოებით 230 ათასი ამომრჩევლით მეტი ხმა მიიღო, მაგრამ წააგო. ამის მიზეზი საარჩევნო კოლეგიაში ხმათა გადანაწილებაა, რომელშიც ტრამპმა 279 ხმა, ჰილარი კლინტონმა კი 218 ხმა მიიღო. ტრამპს გამარჯვებისთვის კოლეგიის მინიმუმ 270 წევრის მხარდაჭერა ესაჭიროებოდა. (ამ დროისთვის კვლავ დასათვლელია სამი შტატის შედეგები, თუმცა გამარჯვებული ვეღარ შეიცვლება)

ტრამპი ამერიკის საარჩევნო სისტემას 2012-ში აკრიტიკებდა:

2012 წლის არჩევნების დროს კი ტრამპი მწვავედ აკრიტიკებდა ქვეყნის საარჩევნო სისტემას, რის შესახებ მან საკუთარ Twitter-ზეც დაწერა.


ფოტო: twitter.com/realDonaldTrump

"საარჩევნო კოლეგია არის სრული კატასტროფა დემოკრატიისთვის", - წერს ტრამპი. 

როგორ მუშაობს საარჩევნო კოლეგია:

აშშ-ში პრეზიდენტს პირდაპირი წესით არ ირჩევენ, ამისთვის შემდგარია 538 კაცისგან დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია, რომელშიც გამარჯვებულად ითვლება კანდიდატი, ვინც ხმათა ნახევარზე მეტს, ანუ მინიმუმ 270 ხმას მიიღებს.

საარჩევნო კოლეგია კომპლექტდება შტატების მიერ და მასში წევრთა განაწილება შტატების მოსახლეობასთან არის კავშირში. აშშ-ის ყველაზე მრავალრიცხოვანი შტატი კალიფორნიაა, მას კოლეგიაში 55 წარმომადგენელი ჰყავს, შედარებით მცირე ზომის შტატებს კი ნაკლები წარმომადგენლები, მაგალითად: აიდაჰო - 4, მონტანა - 3, სამხრეთ დაკოტა -3. 

კანონმდებლობის მიხედვით, 48 შტატის კოლეგიის წევრები ვალდებულნი არიან, საკუთარი ხმების აბსოლიტური უმრავლესობა მიაკუთვნონ იმ კანდიდატს, რომელიც მათ შტატში გაიმარჯვებს. (გარდა მეინისა და ვაიომინგისა). მაგალითად, კალიფორნიის კოლეგიის 55-ივე წევრმა ხმა შტატში გამარჯვებულ კანდიდატს ჰილარი კლინტონს მისცა, ასე მოხდა კიდევ 19 შტატში, რის შედეგადაც კლინტონმა 218 ხმა აიღო. ტრამპმა კი არსებული მდგომარეობით 30 შტატში გაიმარჯვა, შესაბამისად, ამ შტატების კოლეგიის ყველა წევრმა, ანუ 279-მა ხმა მას მისცა. 

როგორ იკარგება ხმები 

ასეთი საარჩევნო სისტემა ნიშნავს, რომ პრეზიდენტს ირჩევს არა პირდაპირ მოსახლეობა, არამედ შტატები, მოსახლეობის მიერ მიცემული ხმების დიდი ნაწილი კი იკარგება. ჰილარი კლინტონმა ზოგიერთ შტატში ტრამპს ხმათა დიდი უპირატესობით მოუგო, მაგალითად, ვაშინგტონში მან თითქმის 400 ათასი ხმით მეტი აიღო, თუმცა ეს 400 ათასი ხმა დაიკარგა, რადგანაც ამ შტატის საარჩევნო კოლეგია 12 კაცის შემადგენლობით კლინტონს ხმას იმ შემთხვევაშიც მისცემდა, თუ ის ტრამპზე 1 ხმით მეტს მიიღებდა. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდებოდა, ეს 400 ათასი ხმა კლინტონის სხვა შტატებში წაგებას "გადაფარავდა", რის შედეგადაც ის 45-ე პრეზიდენტი გახდებოდა. კლინტონმა ასევე 195 ათასი ხმით მეტი დააგროვა ორეგონის შტატში, ყველა ეს ხმა საარჩევნო სისტემის გამო დაკარგულია.

კომენტარები