Check in Georgia

ჯერ არ არის გადაწყვეტილი, საქართველოში Aerosmith-ის კონცერტს ვინ დააფინანსებს

ამერიკული ჯგუფი Aerosmith საქართველოში კონცერტს Check In Georgia-ს ფარგლებში გამართავს, თუმცა, ამ დროისთვის, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ კონცერტს კულტურის სამინისტრო არ აფინანსებს.

თავდაპირველად, ტაბულას კულტურის სამინისტროში უთხრეს, რომ Aerosmith-ის საქართველოში ჩამოყვანის ხარჯებს მთლიანად Black Sea Arena დაფარავდა. სწორედ Black Sea Arena-ზე გამართავს კონცერტს ცნობილი ამერიკული ჯგუფი. 

კომპანია Black Sea Arena-ს პრესსამსახურში ტაბულასთან საუბარში უარყვეს, რომ Aerosmith-ის საქართველოში ჩამოყვანას თავად აფინანსებენ. მათი განმარტებით, დაფინანსების თაობაზე მოლაპარაკებები კულტურის სამინისტროსთან მიმდინარეობს. 

ამის შემდეგ, კულტურის სამინისტროში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე დანამდვილებით რაც იციან, მხოლოდ ის არის, რომ კონცერტს თავად არ აფინანსებენ. Black Sea Arena-ს პრესსამსახურში კი, აცხადებენ, რომ ათ დღეში გახდება ცნობილი, ვინ დაფარავს Aerosmith-ის საქართველოში ჩამოყვანის ხარჯებს. მათივე თქმით, მიმდინარეობს სპონსორების მოძიება.

აღსანიშნავია, რომ Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზი ზაფხულში ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფოს აჩუქა. 

ცნობილი ამერიკული ჯგუფი Aerosmith 20 მაისს კონცერტს Black Sea Arena-ზე გამართავს - ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკული ჯგუფის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული. Aerosmith საქართველოს ტურნე AERO-VEDERCI BABY-ის ფარგლებში ეწვევა.

კომენტარები