ჯანდაცვა

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ფარმადეპოსა და ჯიპისის ყიდულობს

evex.ge

Bgeo ჯგუფმა (საქართველოს ბანკის მფლობელი საინვესტიციო კომპანია) დღეს ფარმადეპოსთან მიღწეული შეთანხმების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. Bgeo-ს კუთვნილი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (სამედიცინო კორპორაცია ევექსი) გამსხვილდება და მის შემადგენლობაში შევა ახალი კომპანია, რომელიც აფთიაქების ქსელ ფარმადეპოსა და ჯიპისის გააერთიანებს. 

$25-მილიონიანი გარიგების შედეგად მიიღება ახალი კომპანია სახელწოდებით JSC Georgian Pharmacy (GEPHA). კომპანიის 67%-იანი წილის მფლობელი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი იქნება, 33%-იანი წილის მფლობელი კი - ფარმადეპო. GEPHA -ს მფლობელობაში საქართველოში ყველაზე მსხვილი 230 აფთიაქისგან შემდგარი ქსელი შევა, აფთიაქები საქმიანობას დღეს არსებული ბრენდების ქვეშ გააგრძელებენ. ფარმადეპო შედარებით საბიუჯეტო სეგმენტზე გათვლილ სააფთიაქო ბრენდად დარჩება, ჯიპისი კი შედარებით პრემიუმ კატეგორიის სეგმენტში გააგრძელებს ოპერირებას.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სააფთიაქო ქსელ ფარმადეპოს უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, ამის შესახებ 2012 წელს ექსპრემიერის მეუღლემ ეკატერინე ხვედელიძემ განაცხადა. ოფიციალური დოკუმენტაციით კი ივანიშვილის შემხებლობა ფარმადეპოსთან არ იკვეთება და ამ კომპანიის მფლობელები ენრიკო ბერიძე და მიხეილ აბრამიძე არიან.

კომენტარები