რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის საქმე განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა

უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ რუსთავი 2-ის საქმე განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადასცა. ამის შესახებ, რუსთავი 2-ის იურისტებს უზენაესი სასამართლოდან აცნობეს.

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებს განიხილავს.

დიდი პალატა შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, სხვა პალატების თავმჯდომარეებისა და პლენუმის მიერ უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობიდან 2 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 12 მოსამართლისაგან.

დიდი პალატა საქმეს განიხილავს 9 მოსამართლის შემადგენლობით. მასში შედიან ამ საქმის თავდაპირველად განმხილველი მოსამართლეებიც (ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი და პაატა ქათამაძე), მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი იმავდროულად დიდი პალატის წევრები.

დიდ პალატაში საქმის განხილვას თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე.

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება (ნორმის განმარტება) სავალდებულოა ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის.

უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საჩივრის განხილვა 21 ნოემბერს დაიწყო. ტელეკომპანიის იურისტების შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლო საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავდა.

რუსთავი 2 ასაჩივრებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებს, რომელთა მიხედვითაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია "პანორამას" მიეკუთვნა.

კომენტარები