პენსიები

პრემიერი: ტყუილების თქმას არ ვაპირებთ, 2017 წელს პენსიები არ გაიზრდება

ტაბულა
უმცირესობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ 2017 წლის ბიუჯეტით პენსიების ზრდა არ იგეგმება. პრემიერის თქმით, 2018 წლიდან საპენსიო რეფორმასთან ერთად შეიცვლება პენსიების ზრდის წესი და ის ინფლაციის მაჩვენებლის პარალელურად გაიზრდება.
 
"ჩვენ არ ვაპირებთ პენსიების ზრდას 2017 წლის ბიუჯეტით. არაფერი დამალული ამაში არ არის და არც ტყუილების თქმას არ ვაპირებთ დღეს, ეს არის რეალობა. 2018 წლიდან, როდესაც ჩაირთვება ახალი საპენსიო სისტემა, იქნება შესაბამისი ინდექსაციის სისტემა, რომელიც შესაბამისობაში მოიყვანს პენსიას იმ ინფლაციის მაჩვენებლებთან, რომელიც გვექნება. ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდშიც თავი შევიკავეთ არარეალისტური დაპირებებისგან", - ამბობს კვირიკაშვილი.
 

პენსიების ინფლაციასთან ინდექსაცია ნიშნავს, რომ პენსიების ზრდა მოხდება ინფლაციის პარალელურად. სავალუტო ფონდი 2017 წლისთვის საქართველოსთვის 3%-იან ინფლაციას პროგნოზირებს, თუ პენსიების ინდექსაცია ინფლაციასთან გადაწყდება, ამ შემთხვევში 180 ლარიანი პენსია 3%-ით, ანუ 5.4 ლარით გაიზრდება. 2018 წლისთვის ეროვნული ბანკი სავარაუდოდ 4%-იანი ინფლაციის მიღწევას გეგმავს, ეს კი ნიშნავს, რომ ინდექსაციის პირობებში პენსია 5.5 ლარით გაიზრდება და 188.5 ლარი გახდება. 

ეკონომიკის სამინისტროს მომზადებული კვლევის მიხედვით, პენსიების ინდექსაციის რამდენიმე გზა არსებობს, რომელთა მიხედვითაც ინდექსაცია შეიძლება ინფლაციასთან, ეკონომიკურ ზრდასთან ან საშუალო ხელფასების ზრდასთან მიმართებით მოხდეს.

"საჭიროა სოციალური პენსიის ინდექსაცია ინფლაციასთან, რაც სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით გააძლიერებს პენსიის ეფექტურობასა და მნიშვნელობას, და ამავდროულად, გაამყარებს სისტემის ფისკალურ მდგრადობას. არსებული სოციალური პენსიის ფარგლებში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც იცავს პენსიონერს ინფლაციური მოვლენებისგან. მსგავსი მექანიზმის არარსებობის შემთხვევაში პენსიის მსყიდველუნარიანობა დროთა განმავლობაში დაეცემა, რაც საპენსიო ასაკში მყოფი მოსახლეობის სიღარიბესთან ბრძოლის ამოცანის შესრულებას გაართულებს

საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, არსებობს სხვადასხვა ინდექსაციის მექანიზმები, რომლებიც განსაზღვრავენ პენსიის ყოველწლიურ ზრდას. ქვეყნების უმეტესობა ცდილობს, პენსია გაზარდოს ინფლაციის შესაბამისად მაინც. ინდექსაციის სხვა ვარიანტები მოიცავს ნომინალურ მშპ-სთან ან საშუალო ხელფასთან ზრდას ან შერეული ტიპის ინდექსაციას (რაც ნიშნავს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის წლებში ინდექსაციის კოეფიციენტი უფრო მაღალია)", - წერია ეკონომიკის სამინისტროს დოკუმენტში.

კომენტარები