ძალადობა ქალებზე

ომბუდსმენი: ბოლო 10 თვის მონაცემებით, ოჯახური ძალადობის პირობებში 13 ქალი მოკლეს

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის აპარატი

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა, ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის თქმით, მისასალმებელია, რომ გასულ წლებთან შედარებით ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამოვლენისა და მათზე რეაგირების მაჩვენებლის გაზარდა, თუმცა შესაძლო რისკების პრევენციისა და თითოეულ შემთხვევაზე ეფექტიანი რეაგირებისთვის უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 10 თვის მონაცემებით, ოჯახური ძალადობის პირობებში 13 ქალი მოკლეს. ჯანმრთელობის დაზიანებისა და სხვა სასტიკი ფორმებით ჩადენილი ძალადობის რიცხვი კი, კვლავ მაღალია, პოლიციამ 2000-ზე მეტ შემთხვევაში გამოიყენა დაცვის ღონისძიება.

"ჩვენი შესწავლის შედეგები ცხადყოფს, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ხშირ შემთხვევაში არ ხდება ძალადობის განმეორების რისკის შეფასება და მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი, ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავება. არსებული გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ ძალადობის საქმეთა შესწავლისას გათვალისწინებული იქნას ქვეყანაში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული ვითარება და ყველა შემთხვევაზე ქმედითი ღონისძიებები გატარდეს", – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, ხელი შეუწყოს და დააჩქაროს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის საკითხებზე ევროსაბჭოს კონვენციის რატიფიცირება. ასევე, იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს, მოახდინონ ფემიციდის, როგორც გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობის დეფინიციის განსაზღვრა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში.

კომენტარები