რუსთავი 2-ის საქმე

კვირიკაშვილი R2-ზე: დარწმუნებული ვარ ჩვენი გუნდის წევრების სისუფთავეში

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი რუსთავი 2-ის საკითხზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ნიკა მელიას გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. მისი თქმით, "დარწმუნებული ვარ ჩვენი გუნდის წევრების სისუფთავეში". ცნობისთვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ნიკა მელიამ თქვა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს აიძულებენ, 30 ნოემბერს, რუსთავი ორის გადაწყვეტილება "თქვენი ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ გამოიტანონ". მელიას ინფორმაციით, ამ საქმეში ჩართულები არიან თეა წულუკიანი, შალვა თადუმაძე, ოთარ ფარცხალაძე და ნინო გვენეტაძე.

"რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია, რაც თქვენ თქვით და ბრალი დასდეთ მინისტრს და მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის უფროსს, არის აბსოლუტური სიცრუე, არავითარი ზეწოლა მათი მხრიდან არ ხორციელდება, თუ რამე ასეთს აქვს ადგილი, მე მოვუწოდებ ყველას, რომ განაცხადოს, რამე მსგავსი თუ ხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის წევრების სისუფთავეში ამ მიმართულებით. საერთოდ, ბატონო ნიკა, თქვენი სტილი, რომ თან ადამიანს უთხრა, რომ - "ნომინალური ხარ", თან შეკითხვა დაუსვათ და პასუხი გაინტერესებთ, არის ყველანაირი ეთიკის წრიდან გასული. ორი დღეა, ვაკვირდები თქვენს სტილს, რომელიც არანაირ პოლიტიკურ ჩარჩოებში არ ჯდება და თუ ნომინალურობაზე ვსაუბრობთ, ვინ არის ნომინალური და საიდან იმართება დღეს ნაციონალური მოძრაობა, სწორედ ეს არის ჩემთვის კითხვის საგანი და არა ის, რა შეკითხვებსაც თქვენ სვამთ. როგორ მოიქცეოდა თქვენი აზრით არანომინალური პრემიერმინისტრი? ალბათ, ამის მაგალითები წარსულში არაერთი გქონიათ - სპეცდანიშნულების რაზმებისთვის დავალებების მიცემა, მოსამართლეებისთვის დარეკვა და ა.შ. თუ ამას ითხოვთ, მინდა, რომ გაგაწბილოთ, აღარასოდეს აღარ იქნება საქართველოში და ამას ვერავინ ვეღარ ნახავს. რაც თქვენ ბრძანეთ, დღეს მადლობა ღმერთს, რომ ასეთი პრაქტიკა აღარ არის საქართველოში და ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ენმ-ის დეპუტატის ნიკა მელიას თქმით კი, ენმ-ს სანდო წყაროზე დაყრდნობით აქვს ზეწოლის შესახებ ინფორმაცია. 

„კონკრეტულად 30 ნოემბერს გამოტანილი უნდა იყოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება თქვენს სასარგებლოდ, თქვენი ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ. იმდაგვარი გადაწყვეტილება, რომლის პრეცედენტიც უზენაესი სასამართლოს ისტორიაში არ არსებობს. სამწუხაროდ, ამ პროცესში ჩართულია 4 ადამიანი, რომელთაგანაც ორი ამ დარბაზშია წარმოდგენილი - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ბატონი [შალვა] თადუმაძე, რომელსაც იყენებთ ძირითად საშუალებად კომუნიკაციის დასამყარებლად უზენაეს სასამართლოსთან, ბატონი [ოთარ] ფარცხალაძე და თავად ქალბატონი გვენეტაძე. ბატონო პრემიერმინისტრო, თქვენ თუ აცნობიერებთ, რა პროცესების ამოფრქევას უწყობთ ხელს ქვეყანაში? მართლა შემიძლია დავიჯერო თქვენი გუშინდელი განცხადება, რომ საქმის კურსში არ ხართ, რადგან განცდაა, რომ თქვენ ნომინალურად ასრულებთ პრემიერმინისტრის მოვალეობას, მაგრამ აცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რა შეიძლება ქვეყანაში მოხდეს, თუკი სისრულეში მოიყვანთ თქვენს განზრახვას?“ - მიმართა ნიკა მელიამ გიორგი კვირიკაშვილს.

კომენტარები